იმერეთის რეგიონში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების პროფესიული გადამზადება იგეგმება

იმერეთის რეგიონში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების პროფესიული გადამზადება იგეგმება

აჭარის მაღალმთიანეთიდან 90-იან წლებში იმერეთის რეგიონში სოფელ ჩაის მეურნეობის დასახლებაში 74 ეკომიგრანტი ოჯახი ჩაასახლეს. ჩასახლებულების 70% მუსლიმია, ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი ინტეგრაცია უპრობლემოდ მოხდა, თუმცა ორ ათეულ წელზე მეტია მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეცვლილა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენიმე ოჯახს სახლები ახლომდებარე სოფლებში შეუძინეს, თუმცა ნაწილი ისევ ე.წ. ძველი კოლონიის შენობაში ცხოვრობს. მათ მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.

ეკომიგრაციის მიმართულებით იმერეთის რეგიონში რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ მუშაობს. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ცენტრი ეკომიგრანტთა საკითხებზე ახალ პროექტს განახორციელებს.

პირველ ეტაპზე ეკომიგრანტების პრობლემების შესწავლა იგეგმება, ჩატარდება კვლევა, რომლის შედეგები ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად განიხილება.

იმერეთის რეგიონში ჩასახლებული ეკომიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, პროექტის ფარგლებში დაინტერესებული ადამიანები პროფესიული კუთხით გადამზადდებიან. შეისწავლიან ალმასებით, ბისერებით და ძაფით ქარგვის ხელოვნებას, რაც მათი დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. სწავლის პროცესში სულ ჩაერთვება 20-25 ადამიანი.

პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე ჩართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება ადგილობრივი მედია საშუალებები. ეკომიგრანტების საკითხებზე ჟურნალისტებისთვის დაგეგმილია ტრენინგები.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მხარს უჭერს ეკომიგრაციის საკითხებზე მომუშავე დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებას. რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში დაფინანსდა.