ხანდაზმულობაში შეცვლილი ცხოვრება

ხანდაზმულობაში შეცვლილი ცხოვრება

„ბუნებას ორი კეთილშობილი მწერი ყავს, აბრეშუმის ჭია და ფუტკარი“-ამბობს 80 წლის რეზო ბაბუ.
მეფუტკრეობას ხელი სწორედ ამ მწერისადმი დიდი სიყვარულის გამო მიჰყო. აღნიშნულით ოჯახის ტრადიციაც აღადგინა და საქმიანობა მალევე შემოსავლის წყაროდ აქცია.

რთულად ახსენდება დღე ფუტკრების გარეშე. ბოსტანში ყოველდღე ჩადის და მათ მუშაობას აკვირდება. ამბობს, რომ მათი საუბრის გარეშეც ესმის.

„როგორ შეიძლება არ აფასებდე იმ მწერს , რომელიც მაშინაც კი შრომობს როცა ჩვენ გვძინავს“-ამბობს რეზო ბაბუ და თვლის, რომ ფუტკრებთან სიახლოვემ ისიც შეცვალა, გამოაცოცხლა და მუშაობა მეტად შეაყვარა.

დღეს-დღეობით 35 ოჯახი ფუტკარი ყავს. საშუალოდ წელიწადში ერთი ტონა თაფლი გამოყავს. ნაწილს ყიდის, ნაწილსაც კი ოჯახში იტოვებს. თაფლს წლების განმავლობაში ხელით წურავდა, რაც საკმაოდ შრომატევადი იყო. იხსენებს, რომ პროცესი დროშიც ჭიანურდებოდა.

შრომის შესამსუბუქებლად „დემოკრატიის ინსტიტუტს“ მიმართა და ხანდაზმულების გაძლიერების პროექტში ჩაერთო. ვინაიდან მისთვის მთავარი მხოლოდ საქმის შემსუბუქება არ იყო ორგანიზაციის მიერ შეთავაზებულ რამდენიმე ტრენინგ-კურსაც დაესწრო, კვალიფიკაცია აიმაღლა და ახალი ტექნოლოგიები შეისწავლა. მოგვიანებით ბიზნეს-გეგმაც შეიმუშავა და თაფლის გამოწურვის პროცესის დასაჩქარებლად ელექტრო-ციბრუტის შეძენა ითხოვა. ხანდაზმულმა დაასაბუთა, რომ ამ გზით მისი საქმიანობა სწრაფი ტემპით განვითარდებოდა და შესაბამისად მისი 5 სულიანი ოჯახის შემოსავლის წყაროც ბევრად გაიზრდებოდა.

„დემოკრატიის ინსტიტუტში“ რევაზ გათენაძის ბიზნეს-იდეა განიხილეს, მოიწონეს და მის მიერ მოთხოვნილი ციბრუტის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს. დღეს რეზო ბაბუსათვის ყველაფერი სხვაგვარადაა. მისთვის თაფლის გამოხდის პროცესი ბევრად გამარტივდა, ამისათვის მას ნაკლები დრო და ენერგია სჭირდება.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ დახმარებით ხანდაზმულმა კიდევ ერთი სურვილი აისრულა. პროფესიით ფიზიკა-მათემათიკოსმა "დემოკრატიის ინსტიტუტის" ქედის ოფისში მეფუტკრეობის მიმართულებით არაერთი ტრენინგ-კურსი იმიტომაც გაიარა, რომ სერთიფიკატები აეღო და ამ მხრივაც ახალგაზრდებისთვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა. სურვილს მალევე მიაღწია, რეზო ბაბუ დღეს მათემათიკასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობას მეფუტკრეობის მიმართულებითაც ეწევა და უხარია, რომ ახალგაზრდები ამ ყველაფრით ინტერესდებიან.

მისი სურვილია: „ფუტკარი კბენამდე, რომ ტკბილია ყველა ადამიანი ისეთივე ტკბილი იყოს“.

„ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის“ პროექტი ბათუმში, ქედაში, ქობულეთსა და ოზურგეთში 2015 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს ხანდაზმულების გაძლიერება, უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით დემოკრატიის ინსტიტუტი, ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და „გურიის აგრობიზნესცენტრი“ ახორციელებს.