"ხელოვნებამ გადამარჩინა"...

დილით ადრე სტუდიისკენ ახალი მუსიკის ჩასაწერად მიიჩქარის. მუსიკას განსაკუთრებული მონდომებით ამუშავებს, რადგან როგორც თავად ამბობს ცხოვრების ყველაზე დიდ საგანძურს - შვილს უნდა მიუძღვნას, თუმცა, ყველა ნაწარმოები, რაც დაუწერია შვილივით უყვარს, თითოეულში თავისებური ემოცია, გრძნობა და სითბო აქვს ჩაქსოვილი.

გიტარაზე 7 წლიდან უკრავს, ელექტრონული მუსიკის დაკვრა კი 13 წლიდან დაიწყო. პირველად საკუთარი ნაწარმოები 22 წლის ასაკში დაწერა. დიდი ემოციით იხსენებს იმ დღეს, როცა კომპოზიციაზე მუშაობა დაასრულა და მეგობარს მოასმენინა. მართალია, ჟანრი რომელსაც უკრავს ყველას არ მოწონს, მაგრამ თავისი ერთგული მსმენელი მაინც ბევრი ყავს.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და მეგობრების შეფასება, მართალია, ზოგი საერთოდ ვერ ხვდება ჩემი მუსიკის არსს და „ბრახაბრუხს“ ეძახის, მაგრამ მე მაინც იუმორით ვუყურებ ასეთ შეფასებას და ვთვლი, რომ როკი მუსიკის უძლიერესი და უმაგრესი ჟანრია. მახსოვს სკოლის ასაკში ვიყავი, როცა პირველად „Deep Purple”-ს მოვუსმინე, რამაც შთამაგონა და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე საკუთარი თავი. დღემდე სიახლეების ძიებაში ვარ“.

42 წლის გრიგოლ მახარაძე ყოფილი პატიმარია, საპყრობილეში მოხვედრამდე საჯარო სამსახურში მუშაობდა, თუმცა საბოლოოდ საქმიანობა მაინც მუსიკას დაუკავშირა. ერთერთი, რაც პატიმრობის პერიოდში ენატრებოდა გიტარა იყო. 2007 წელს გათავისუფლდა. ამბობს, რომ ძალიან რთული პერიოდი გამოიარა. სამსახურის და შემოსავლების გარეშე, მეგობრების დახმარებით შეძლო რეაბილიტაციის გზის გავლა. ოზურგეთის სახელმწიფო ანსანმბლში დაიწყო მუშაობა. პარალელურად საკუთარი ძალებით და მეგობრების დახმარებით ხმის ჩამწერი სტუდია ჩამოაყალიბა, სადაც 4 წელია მუშაობს.

„მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ სტუდია, სადაც თავიდან ძალიან დიდი სიდუხჭირით დავიწყეთ მუშაობა. ერთ პატარა ოთახში ვიყავით განთავსებული, ინვენტარიც არ გვქონდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მუსიკისადმი სიყვარული, რომ არ დავნებდით. ხმის ჩასაწერად რომ მოვიდოდნენ, გიტარას მეგობრისგან ვთხოულობდი, მაგრამ შეკვეთაზე უარს მაინც არ ვამბობდი. თუმცა, მუსიკალურ ინსტრუმენტს ყოველთვის სხვისგან ვერ ითხოვებ. გაგვიმართლა, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ დახმარებით ელექტრო გიტარა ვიყიდეთ. ინსტრუმენტის წყალობით დღეს სტუდიაში აქტიურად იწერება სიმღერები სხვადასხვა სკოლებისა და ბაღებისთვის, ასევე ვწერთ ფონოგრამებს, ჩვენი მომსახურებით დაინტერესებულია კერძო პირებიც.“

გრიგოლ მახარაძე „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ბენეფიციარია, ის აქტიურად არის ჩართული რეაბილიტაციის სერვისებში. სწორედ პროექტის დახმარებით შეიძინა გიტარა, რომლითაც გეგმავს მომავალ თაობას თავისი ცოდნა გაუზიაროს და საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვოს.

მომღერალსა და კომპოზიტორს სურს საავტორო დისკის ჩაწერა, რისთვისაც სპონსორს ეძებს. მუშაობს ასევე აფხაზეთის თემაზე დაწერილი მუსიკის კლიპზე, რომელსაც მალე დაასრულებს და ექსკლუზიურად რომელიმე ტელევიზიის ეთერში გაუშვებს.

პ.ს. ბენეფიციარმა მადლობის ნიშნად მცირე მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნა პროექტს და „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს“ http://bit.ly/2A3kxL3

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი, გურის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი, ფონდი აფხაზინტერკონტი.