ხეზე კვეთის ოსტატი ბენეფიციარი

ხეზე კვეთის ოსტატი ბენეფიციარი

ხის საამქრო საკუთარ სახლში სარდაფში აქვს მოწყობილი. დაუღალავად შრომობს და მუდამ სიახლის ძიებაშია. აქვს ძალიან ბევრი ნამუშევარი, მათი მოგროვება და გამოფენის მოწყობა სურს, რომ მეტმა ადამიანმა გაიცნოს როგორც ხეზე კვეთის კარგი ოსტატი, მაგრამ ეს საქმე მისთვის შემოსავლების მოძიების ერთადერთი საშუალებაა და ამიტომაც მათი გაყიდვა დამზადებისთანავე უწევს.

36 წლის აკაკი ჭეიშვილი, ყოფილი პატიმარია. ის საკუთარ ქვეყანაში არ ყოფილა პატიმარი. რვაწლიანი სასჯელი მან რუსეთის ციხეში მოიხადა და საპატიმროში ზუსტად იმ წელს აღმოჩნდა, როცა რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო. ეს ომი მას პირდაპირ შეეხო: ბოროტმოქმედის იარლიყი, საქართველოს მოქალაქეობა და რუსეთ-საქართველოს დაძაბულმა ურთიერთობებმა რუსულ ციხეებშიც შეაღწია და იხსენებს იმ სისასტიკეს, რითაც ციხის ადმინისტრატორები ქართველების მიმართ გამოირჩეოდნენ.

თუმცა, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა და მძიმე გარემო პირობების ციხეშივე მოახერხა საინტერესო საქმე ეპოვა. აღმოაჩინა, რომ საპატიმროში ხის საამქრო იყო და ხეზე დეკორატიული კვეთა ისწავლა.

2012 წელს სასჯელის სამი მეოთხედი უკვე მოხდილი ჰქონდა და ციხეში კარგი ქცევის გამო გათავისუფლების შანსი მისცეს. საქართველოში აბრუნებდნენ იმ პირობით, თუ საქართველოს შს სამინისტრო საქართველოშივე მისი პირობით მსჯავრის პერიოდში დააკვირდებოდა. მაშინ საქართველომ უარი თქვა აკაკის საქართველოში დაბრუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საშიში კრიმინალური წარსული არ ჰქონია. ასე დარჩა ის რუსეთის ციხეში სასჯელის ბოლო წლის მოხდამდე.

ახლა კი საკუთარ სახლში ხის ხელნაკეთი ნივთების დამზადებას და დეკორატიულ კვეთას მიაქვს მისი დროის ყველაზე დიდი ნაწილი. ეკლესიის მოჩუქურთმებულ კარებსა და სარკმლებზეც უმუშავია.

მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ გათავისუფლდა, უკვე მოახერხა და ორი გრანტი მოიპოვა: „აწარმოე საქართველოსთვის“ და “დემოკრატიის ინსტიტუტისგან”. ორივე გრანტით ხის საამქოსთვის საჭირო დანადგარები და ხელსაწყოები შეიძინა. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის შესახებ მეგობრისგან შეიტყო. იმერეთში პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას ,,ფონდ აფხაზინტერკონტს“ დაუკავშირდა და მცირე გრანტიც მიიღო.

აკაკი მცირე საგრანტო პროგრამის გარდა, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად ერთვება. რამდენიმე თვის წინ პროგრამის მონაწილე სხვა ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებთან ერთად ოკაცეს კანიონი და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერა. სწორედ მაშინ გაუჩნდა აზრი, რომ თავისი ცოდნა სხვა ყოფილი პატიმრებისთვის გაეზიარებინა, დღესაც მზადაა რომელიმე მათგანს ხეზე კვეთა შეასწავლოს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".