ყოფილი პატიმარი Freelancer

ყოფილი პატიმარი Freelancer

ფიქრობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საოფისე პროგრამების ცოდნის გარეშე შრომის ბაზარზე ადამიანს გაუჭირდება დასაქმება, ამიტომ კვალიფიკაციის ამაღლებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, განსაკუთრებით კი უცხო ენის შესწავლას.

გ.თ ყოფილი პატიმარია და დღეს ის ფრილანსინგის მეშვეობით მუშაობს, ამზადებს ვებ გვერდებს სხვადასახვა დიზაინში. თავდაპირველად მხოლოდ კომპიუტერული თამაშებით ერთობოდა, მაგრამ რამდენიმე წელია ინტერნეტ ტექნოლოგიებით სერიოზულად დაინტერესდა. ბოლო პერიოდში ათამდე ქართული ორგანიზაციისთვის დაამზადა ვებ გვერდი, სამომავლოდ საერთაშორისო დონის ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობას გეგმავს, რაშიც ინგლისური ენის ცოდნა ძალიან დაეხმარება.

„ბევრი ინგლისურენოვანი საიტია, სადაც უფასო კომპიუტერული პროგრამებია და ამ პროგრამების ცოდნა ახალი დიზაინების შექმნაში დამეხმარება. ახლა ძირითადად ქართულ კომპანიებთან ვთანამშრომლობ, მაგრამ საქართველოში მსგავსი საქმიანობა დაბალანაზღაურებადია, საერთაშორისო კომპანიები სერიოზულ ჰონორარებს იხდიან ვებ დიზაინში. ჩემთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ინგლისური ენის ბარიერია. უცხო ენას ვფლობ მინიმალურ დონეზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როდესაც ჩემმა სოციალურმა მუშაკმა დამირეკა და მითხრა ინგლისური ენის კლუბი ჩამოვაყალიბეთო დიდი სიხარულით დავთანხმდი“ - ამბობს „დემოკრატიის ინსტიუტის“ ბენეფიციარი.

გ.თ.-ს მსგავსად უცხო ენას „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინგლისური ენის შემსწვალელ კლუბში სხვა ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები და პატიმრის ოჯახის წევრები არიან ჩართული. ინგლისური ენის კლუბი ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა და მასში სხვადასხვა ასაკის მსმენელია გაწევრიანებული.

კლუბის ტრენერი დალილა მხატვარი ამბობს, რომ მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა ჯგუფში ყველა თანაბრად არის მონდომებული, თეორიულ მასალასთან ერთად, სახალისო სავარჯიშოების დახმარებით იოლად სწავლობენ უცხო ენას.

ინგლისური ენის სწავლებაში აქტიურად არის ჩართული მშვიდობის კორპუსის მოხალისე ლეიშა სომერსი. ტრენერთან ერთად მოხალისეც ატარებს მეცადინეობებს, რაც მსმენელებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ უშუალოდ უცხოელისგან მიიღონ გამოცდილება.

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.