ყოფილი პატიმარი - ხეზე კვეთის ოსტატი

ყოფილი პატიმარი - ხეზე კვეთის ოსტატი

ეს დემოკრატიის ინსტიტუტის ლოგოა. ორგანიზაციას ოფიციალური სიმბოლო თავისივე ბენეფიციარმა უსახსოვრა. ლოგოზე დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა. ამბობს, რომ სამუშაო პროცესი ძალიან საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო იყო. შედეგით კმაყოფილია და ამაყობს, რომ ორგანიზაციას თავისი ნამუშევარი მადლობის ნიშნად აჩუქა.

დათო (სახელი პირობითია) ყოფილი პატიმარია. ხეზე კვეთა მან საპყრობილეში ისწავლა. პირველი ნამუშევარი სწორედ ციხეში ყოფნის დროს დაამზადა და ოჯახს გამოუგზავნა. დღემდე კარგად ახსოვს ის ემოცია, რაც მათგან მიიღო. დედამ უზომოდ გახარებულმა და ბედნიერმა დაურეკა, დალოცა და წარმატება უსურვა. ეს იყო მისთვის ყველაზე დიდი სტიმული, რამაც ციხეში გატარებული მძიმე წლები გადაატანინა.

საპყრობილეში გაურკვევლობის გამო მოხვდა. არ მალავს პატიმრობის მიზეზს, როგორც ამბობს დანაშაული არ ჩაუდენია, 6 წლის პატიმრობის შემდეგ ამნისტიით გათავისუფლდა.

საპყრობილეში გატარებული წლების შემდეგ საზოგადოებაში დაბრუნება გაუჭირდა.

„ციხიდან გათავისუფლებულ თითქმის ყველა პატიმარს ერთი რეალობა ხვდება: საზოგადოების უნდობლობა, გარიყულობა, უმუშევრობა, ფინანსური პრობლემები, რამაც შესაძლოა ხელახლა დანაშაულისკენ უბიძგოს, მაგრამ მთავარია, ადამიანმა მომავლის რწმენა და იმედი არ დაკარგოს და მოინდომოს ცხოვრების შეცვლა. ციხე, იმდენად სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესია ადამიანისთვის, რომ ყველას სჭირდება ოჯახის, მეგობრების და რაც მთავარია, საზოგადოების გვერდში დგომა“.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, დათომ სამუშაოს მოძიება გადაწყვიტა, რათა თავისი შემოსავლები ქონოდა და ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა. დასაქმდა კიდეც ავტოსამრეცხაოში, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამუშაოს თავი დაანება. სამსახურის გარეშე გაჩერება ვერ შეძლო და ისევ ხელნაკეთი ნივთების დამზადება დაიწყო. ფინანსების არ ქონის გამო, ხეზე საკვეთი ხელსაწყოებიც თავად დაამზადა. საჭირო სამუშაო მასალები ნასესხები ფულით შეიძინა და ასე დაიწყო ხატების, ჯვრების, სუვენირების დამზადება.

ახლა ერთ-ერთი ეკლესიისთვის ხატს ამზადებს. ორნამენტებისთვის ბისერებს ყავის საფქვავით ფქვავს, ეს ხერხი დედამ მოიფიქრა და სანამ ხელსაწყოებს შეიძენს თავისი ხელსაქმისთვის საოჯახო ნივთს იყენებს.

დათო დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარია. პროგრამის დახმარებით მან ხეზე კვეთის ხელსაწყოები შეიძინა. ტრენინგებს დაესწრო და რეაბილიტაციის სხვა სერვისებშიც აქტიურად არის ჩართული.

დათოს სამომავლოდ ბევრი გეგმები აქვს. სურს, რომ პატარა სახელოსნო მოაწყოს, მოსწავლეები აიყვანოს და სხვადასხვა გამოფენებში მიიღოს მონაწილეობა, ასევე ფიქრობს პერსონალურ გამოფენაზეც. მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად შრომობს.

პროექტს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ევროკავშირის მხარდაჭერით დემოკრატიის ინსტიტუტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი და ფონდი აფხაზინტერკონტი აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.