ვინ იხდის სასჯელს

ვინ იხდის სასჯელს

"ციხეში 2009 წელს მოვხვდი. 260-ე მუხლით ვიყავი გასამართლებული. 10 წელი მომისაჯეს, 3 წელი და რვა თვე ვიჯექი და ამნისტიით გამოვედი. ჩემი სირთულეები და პრობლემები ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ვამბობდი, სასჯელი თუ უნდა მომცენ, თავისუფლებაზე გამიშვან მეთქი. ყველაფერი საფიქრალი და საზრუნავია - აბა, სახლი, აბა, ქირა, აბა, სამსახური... იქ მაგის პრობლემა არ გაქვს. თავზე არ გაწვიმს, გაქვს შენი ლოგინი, სიგარეტი, საჭმელი, ყველანაირად უზრუნველყოფილი ხარ. გარეთ მეტი პრობლემა გხვდება.

ვინ იხდის სასჯელს? მე არ ვიხდიდი. ფაქტობრივად, სასჯელს იხდიდა ჩემი ოჯახი, შვილები, დედაჩემი, რომელიც მოდიოდა და საათობით იდგა რიგში, პაემანზე რომ შემოსულიყო ან ამანათი შემოეგზავნა. ვფიქრობ, მათთვის მეტი სასჯელია, ვიდრე პატიმრისთვის. ციხეში ყოფნის დროს ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ მოწყვეტილი ვიყავი ოჯახსა და შვილებს. მაშინ ორი შვილი მყავდა, რომლებსაც დედაჩემი უვლიდა და იმდენად რთული იყო ჩემთვის ბავშვების გარეშე ყოფნა, რომ შეიძლება იყო კიდეც იქ რამე ცუდი, მაგრამ ვერ ვამჩნევდი, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანი იყო ჩემთვის. გაუსაძლისად იწელებოდა დღე-ღამე მარტო იმის გამო, რომ ბავშვებთან ვერ ვიყავი ახლოს. ციხეში ჩვეულებრივი ცხოვრებაა, როგორც გარეთ. უბრალოდ, ჩაკეტილი ხარ, გაქვს შენთვის განსაზღვრული სივრცე, რომელშიც მოძრაობ და იმის იქით ვერ გადიხარ. დამოკიდებულებაც ნორმალურია, ფილმებში რომ აჩვენებენ ცემა-ტყეპასა და უბედურებას, ასე არ ხდება. შეიძლება გარეთაც ვიკამათოთ და ვიჭორაოთ, ანუ ყოველდღიურობაში რაც ხდება, იქაც იგივეა. - იხსენებს პატიმრობის წლებს ყოფილი პატიმარი მირანდა მაზმანოვა.

მირანდა წლების წინ “დემოკრატიის ინსტიტუტის” „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრების და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობის" პროგრამაში იყო ჩართული და რეაბილიტაციის სხვადასხვა სერვისით სარგებლობდა. სოციალური მუშაკი მასთან და მის ოჯახთან დღემდე მუშაობს, ბენეფიციარი იურიდიულ და სხვა სახის კონსულტაციებს უფასოდ იღებს.

მირანდა უკვე წლებია ურეხის დროებითი ღამის თავშესაფარში ცხოვრობს. შენობა მერიის დაქვემდებარებაშია და გაყოფილია ორ ნაწილად - ერთ ნაწილში ბენეფიციარები მხოლოდ ღამის გასათევად მიდიან, ხოლო მეორე ნაწილში ხუთი ოჯახი ცხოვრობს. აქ მაშინ მოხვდა, როცა შიმშილის ზღვარზე ქუჩაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად აღმოჩნდა. ამბობს, რომ თავშესაფარშიც არ არის კარგი პირობები, თუმცა წასასვლელი არსად აქვს და ქუჩაში ბედის ანაბარა დარჩენას, ისევ ამ პირობებში ცხოვრება ურჩევნია.

მირანდა მეუღლესთან ერთად სეზონურად მხოლოდ ზაფხულში მუშაობს. ხან მიმტანად, ხან კიდე დამლაგებლად, ნებისმიერ სამუშაოზე თანახმაა ოღონდ შვილებს ლუკმა არ მოაკლდეს. პარალელურად ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს და სეზონურად ყიდის.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც "დემოკრატიის ინსტიტუტში" სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩაერთო, ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად მცირე გრანტიც მიიღო, ასე დაიწყო ხელნაკეთი ნივთების რეალიზება, ეს მისთვის თავისუფლებაზე ყოფნის პირველი ნაბიჯები იყო.

მასალა მოამზადა ქალები საქართველოდან Women of Georgia