ყოფილი პატიმარი, რომელიც სოფლის გაძლიერებაზე ზრუნავს

ყოფილი პატიმარი, რომელიც სოფლის გაძლიერებაზე ზრუნავს

თითქმის ორმოცი წელი სკოლაში სამკურნალო ფიზკულტურის განხრით მუშაობდა, მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრების წესს ასწავლიდა და თავადაც სპორტით იყო დაკავებული. მოსწავლეებთან ერთად ვარჯიში მისთვის საყვარელი საქმე იყო, არასდროს უფიქრია საქმიანობის შეცვლაზე, მაგრამ ერთმა ავბედითმა დღემ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

ვ.ზ. ყოფილი პატიმარია. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მას ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთო, თუმცა როგორც თავად ამბობს მკურნალობის სრულყოფილად ჩატარებას ვერ შეძლებდა, რომ არა „ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტი. ელიმინაციის პროგრამაში მკურნალობის გაგრძელებისთვის ბენეფიციარს რამდენიმე ძვირადღირებული გამოკვლევა საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაეტარებინა, რასაც სოციალური მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებდა. დახმარებისთვის მან გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს მიმართა. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამაში ჩაერთო, ორგანიზაციის დახმარებით C ჰეპატიტის მკურნალობა სახელმწიფო პროგრამით ისევ გააგრძელა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბენეფიციარმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ დასაქმება ვერ შეძლო. გამოსავალი ამ შემთხვევაშიც გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი აღმოჩნდა, სადაც მას თვითდასაქმების შესაძლებლობა მიეცა. სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის შემდეგ ბიზნესის მართვის ტრენინგებში მიიღო მონაწილეობა და მოკლე დროში საკუთარი მცირე ბიზნესს იდეა წარმოადგინა. იდეა წისქვილის შეძენას გულისხმობდა. ბენეფიციარის თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მისი მოთხოვნა დაფინანსდა.

ვ.ზ. წისქვილში სიმინდსა და ხორბალს ფქვავს და შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის საკვებს აწარმოებს. შეკვეთებს მეზობელი სოფლებიდანაც ღებულობს. ამბობს, რომ თავდაპირველად სამუშაო ძალიან ცოტა იყო, მაგრამ მალე მეზობლებმა გაიგეს საქმიანობის შესახებ და დღეს უკვე რამდენიმე სოფლის შინაური ცხოველების გამოკვებაზე ზრუნავს. წისქვილში მუშაობის პარალელურად საკუთარ სიმინდის ყანასაც ამუშავებს, შემოსავლებით ღორები შეიძინა და სამომავლოდ მცირე ფერმის მოწყობასაც გეგმავს. ამბობს, რომ მესაქონლეობისა და მეფრინველეობის განვითარებით სოფელი გაძლიერდება და თავადაც საკუთარი შრომით ცდილობს ამ პროცესში ჩაერთოს.

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის კუთხით დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პროექტს აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.
პროექტი „ყოფილი პატიმრების გაძლიერება“ ბენეფიციარების პროფესიულ სწავლასა და გადამზადებას, სტაჟირებას დასაქმების პირობით, თვითდასაქმებას (საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით მცირე ბიზნესის დაფინანსებას), ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და იურიდიულ დახმარებას გულისხმობს.
პროექტს ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი, ფონდი აფხაზინტერკონტი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.