ყოფილი პატიმარი -  წარმატებული მეწარმე ქალი

ყოფილი პატიმარი - წარმატებული მეწარმე ქალი

ჟურნალ ალმანახში დაბეჭდილი სტატიით ფოთოლა ლაგვილავა მთელმა საქართველომ გაიცნო.

ქალი, რომელმაც მრავალწლიანი პატიმრობის მიუხედავად შეძლო ცხოვრების თავიდან დაწყება და წარმატების მიღწევა, ციხეში გატარებულ წლებსა და გათავისუფლების შემდეგ რეაბილიტაციაზე, საინტერესო ისტორიას გვიყვება.

„ჩემი მეუღლე ერთ-ერთი ამერიკული კორპორაციის „ოქროს საწმისის“ თავმჯდომარე იყო, მეც ამ კომპანიაში ვმუშაობდი. ერთ დღეს, გვიან ღამით ჩვენს საცხოვრებელ ბინაში სპეცნაზმი შემოვარდა, დავინახე, როგორ ჩადეს ჩემს ჩანთაში რაღაც... მაშინ ვერ ვხვდებოდი რა მელოდებოდა და რატომ გამიკეთეს ეს ყველაფერი, მაგრამ მრავალწლიანი პატიმრობისას ყველაფერზე დავფიქრდი. ჩემი დაკავება საეჭვოდ დაემთხვა არჩევნებს, ბიზნესის დატერორების და წილების წართმევის პერიოდს შეეწირა ჩვენი ოჯახი. დავკარგეთ ბინა, მთელი ქონება, ამ ყველაფერთან ერთად კი თავისუფლების აღკვეთა, რამაც ყველაზე დიდი დაღი დაასვა ჩვენს ოჯახს“. - ამბობს ყოფილი პატიმარი.

სასჯელაღსრულების #5 ქალთა დაწესებულებაში ფოთოლა ლაგვილავამ ათი წელი გაატარა, იქ დაიწყო ლექსების წერა, თექაზე მუშაობაც ციხეში ყოფნისას შეისწავლა. დაწესებულებაში გამართულ თითქმის ყველა ღონისძიებაში მონაწილეობდა, პატიმრობისას რუსთაველის თეატრის ერთ-ერთ სპექტაკლშიც ითამაშა. მომავლის იმედმა, საკუთარი თავის რწმენამ და მუდმივად განვითარების სურვილმა მას პატიმრობის მძიმე წლები დააძლევინა.

ორასამდე ლექსის ავტორი და ხელოვანი ყოფილი პატიმარი ქალი დღეს თავს წარმატებულად თვლის და სამომავლოდ კიდევ ბევრი საქმის წამოწყებას გეგმავს. ამზადებს ხელნაკეთ ნივთებს, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს რეგიონულ კონფერენციებსა და გამოფენებში.

ფოთოლა ლაგვილავა „ფონდ აფხაზინტერკონტის“ ხელშეწყობით „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ჩაერთო და მისივე სურვილით სტაჟირების პროგრამა გაიარა, რომლითაც ხის ჩარჩოებისა და სხვა ნივთების დამზადება შეისწავლა. ყოფილი პატიმარი პერსონალურ გამოფენასაც გეგმავს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

"დემოკრატიის ინსტიტუტი" /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

"გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი" /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

"თანაზიარი" /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78

"ფონდი აფხაზინტერკონტი" / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61