ყოფილი პატიმარი თვითდასაქმების პროგრამაში ჩაერთო

ყოფილი პატიმარი თვითდასაქმების პროგრამაში ჩაერთო

დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ მეგობრისგან გაიგო, გურიაში პარტნიორ ორგანიზაცია „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს“ მიმართა, რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაერთო და მცირე გრანტით ბენზო ხერხი და საცელი აპარატი შეიძინა.

იაგორ თოიძე ყოფილი პატიმარია. 20 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულს პროფესიის გარეშე სამუშაოს მოძიება და საზოგადოებაში დაბრუნება გაუჭირდა, ამიტომ საოჯახო პირობებში თვითდასაქმება გადაწყვიტა. ოზურგეთში ერთ-ერთ სოფელში დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს. საცელი აპარატით საკარმიდამო ნაკვეთში მუშაობს, პარალელურად სოფლის სასაოფლაოს ასუფთავებს და ამაშიც დამატებით ანაზღაურებას იღებს.

„სამუშაო ყოველ დღე მაქვს, ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთებს ბალახისგან ვასუფთავებ. ზამთრის მოახლოებასთან ერთად შეშის დამზადებაზე ვმუშაობ, რაშიც ბენზო ხერხი ძალიან გამომადგა. თვეში დაახლოებით 500 ლარამდე შემოსავალი მაქვს. დამატებით სოფლის სასაფლაოზეც ვმუშაობ. ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთში სიმინდი მოგვყავს, მართალია მოსავალი წელს ფაროსანამ გაგვინადგურა, მაგრამ იმდენი მაინც გამოვიდა მე და დედას რომ გვეყოს, სახლში სხვა მაინც არავინ გვყავს“ - 52 წლის იაგორ თოიძე ოჯახურ ცხოვრებაზე და საქმიანობაზე გვიყვება, ხუმრობით იმასაც ამბობს, რომ პატიმრობამ დაოჯახებაში ხელი შეუშალა, დაკავებამდე ცოლის მოყვანა ვერ მოასწრო, ახლა კი გვიანია.

თუმცა მოგვიანებით ამბობს, რომ გვიანი ცხოვრებაში არაფერია. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ 52 წლის ასაკში ექსკურსიაზე წავიდოდა. პროექტის მონაწილე სხვა ბენეფიციარებთან ერთად იმერეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა, ბევრთან დამეგობრდა და შთაბეჭდილებებით სავსე სამახსოვრო დღე გაატარა. საუბრის დროს ფოტოაპარატს გვაჩვენებს და ამბობს, რომ ექსკურსიის ფოტოებს საგულდაგულოდ ინახავს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტის მთავარი მიმართულებები:

• სოციალური საწარმოების ამოქმედება და ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობა;

• ბენეფიციარების სტაჟირება დასაქმების პირობით;

• ბენეფიციართა თვითდასაქმება-საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბების გზით;

• ყოფილ პატიმართა განათლება და პროფესიული გადამზადება;

• ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

• იურიდიული დახმარება.

პროექტით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

დემოკრატიის ინსტიტუტი /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

აფხაზინტერკონტი / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78