ყოფილი პატიმრების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა

ყოფილი პატიმრების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ორი წელია, რაც პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პატიმართა ოჯახის წევრების რეაბილიტაციის პროგრამებზე მუშაობს.

სამედიცინო დახმარება, უფასო იურიდიული კონსულტაციები, სწავლება, დასაქმების ხელშეწყობა – ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ისახავს მიზნად.

პროგრამა დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში მიმდინარეობს და მასში ჩასართავად მსურველებმა უნდა მიმართონ აჭარაში „დემოკრატიის ინსტიტუტს“, გურიაში „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს“, სამეგრელოში „თანაზიარსა“ და იმერეთში „ფონდ აფხაზინტერკონტს“.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობაა. პროექტი ბენეფიციარების თვითდასაქმებას უწყობს ხელს, რაც მცირე დაფინანსების მეშვეობით საკუთარი საწარმოს ამოქმედებასა და განვითარებას გულისხმობს. საწარმოში ყოფილი პატიმრები თავად საქმდებიან, ასევე ასაქმებენ ოჯახის წევრებს, რაც საბოლოოდ მათი ოჯახის შემოსავლების გაზრდასა და გაძლიერებას უწყობს ხელს.

48 წლის ბადრი გობრონიძე ათსულიან ოჯახში ცხოვრობს, სადაც მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობს. 8 წელი სახანძრო სამსახურში მუშაობდა და ინდმეწარმეობასაც ეწეოდა. 2009-2012 წლებში გარკვეული კანონდარღვევების გამო, ნასამართლევის სტატუსი მიიღო.

ბადრი გობრონიძეს ახლა მეტალოპლასტმასის, ლამინატის, ხის პანელებისა და თაბაშირ-მუყაოს ტიხრების საამქრო აქვს. სარემონტო მასალებზე მუშაობა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადება გათავისუფლების შემდეგ ისწავლა. ნასამართლობის გამო, სახანძროში მუშაობა ვეღარ გააგრძელა, ამიტომ ახლადნასწავლი ხელობით დასაქმება გადაწყვიტა და საამქროც მალევე აამუშავა.

ბადრი გობრონიძემ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის შესახებ თანასოფლელისგან შეიტყო, „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს“ მიმართა და პროგრამაში ჩაერთო. საამქროსთვის მას საჭირო ინვენტარი გადაეცა.

„ყოფილ პატიმრებს დასაქმება ძალიან უჭირთ, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება უწევთ. ჩემს ირგვლივ ამ პროგრამის დახმარებით ბევრმა ყოფილმა პატიმარმა მეცხოველეობას მიჰყო ხელი, ზოგმა თხილი მოაშენა, ან საამქრო მოაწყო, ბევრი ასეთი პროექტი უნდა არსებობდეს“. – ამბობს პროექტის ბენეფიციარი.

მეტალოპლასტმასის საამქროში მუშაობა ბადრი გობრონიძისთვის ერთადერთი საშუალებაა ათსულიანი ოჯახის სარჩენად. გობრონიძის მსგავსად პროექტში ათეულობთ ბენეფიციარმა მიიღო თვითდასაქმებისთვის საჭირო სამუშაო ხელსაწყოები.

პროექტით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

"დემოკრატიის ინსტიტუტი" /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

"გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი" /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

"თანაზიარი" /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78

"ფონდი აფხაზინტერკონტი" / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61