ყოფილი პატიმრების დასაქმების პრობლემა

ყოფილი პატიმრების დასაქმების პრობლემა

რატომ ირჩევენ ყოფილი პატიმრები თვითდასაქმებას და რატომ უჭირთ ციხიდან გათავისუფლებულ ადამიანებს დასაქმება?

ხელისშემშლელი ფაქტორი სხვადასხვაა, სოციალური მუშაკები, რომლებიც ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ბენეფიციარებს დასაქმება უჭირთ, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

მიზეზი:

► ნასამართლობის სტატუსი;

► უნდობლობა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე თავად დამსაქმებლისგან;

► დაბალი კვალიფიკაცია;

► პროფესიის ან ხელობის არ ქონა;

► ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი პირდაპირ ზღუდავს ნასამართლევი პირის საჯარო სამსახურში დასაქმებას, ხოლო კერძო სექტორი ყოფილი პატიმრების დასაქმებაზე თავს იკავებს მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის სიბიექტური, რაც პირისადმი უნდობლობაში გამოიხატება, ასევე ობიექტური - დაბალი კვალიფიკაცია, პროფესიის არ ქონა ან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

უნდობლობას, როგოც უმუშევრობის მთავარ განმაპირობებელ მიზეზს, ასახელებენ ბენეფიციარებიც ამიტომაც არის, რომ ძირითადად ისინი თვითდასაქმებას საკუთარი საწარმოს ამოქმედებით ახერხებენ.

უმუშევრობის მიზეზების დასახელებისას ყოფილი პატიმრები პროფესიის არ ქონასა და კვალიფიკაციის დაბალ დონესაც ასახელებენ.

კვალიფიკაციის საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია მათთვის, ვინც საპატიმროში ხუთ წელზე მეტი გაატარა, რადგან იცვლება ტექნოლოგიები, მოთხოვნები, პროფესიები. დიდი ხნის პატიმრობის შემდეგ კი ხშირ შემთხვევაში ვეღარ ეწევიან ცხოვრების რიტმს, რაც მათ უმუშევრობას, ოჯახის ეკონომიკურ სიდუხჭირეს და სხვა მრავალ პრობლემას ქმნის. ყველაზე მეტად საყურადღებო ამ პრობლემათა შედეგია, რაც განმეორებით დანაშაულსა და ზოგადად ქვეყანაში კრიმინალის ზრდაში აისახება.

დემოკრატიის ინსტიტუტი ერთ წელზე მეტია, რაც ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში მუშაობს. პროექტი რეაბილიტაციის სხვადასხვა სერვისს მოიცავს: ყოფილი პატიმრების სწავლა-გადამზადება, იურიდიული დახმარება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, დასაქმება და თვითდასაქმება.

რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბენეფიციარების დასაქმებისა და თვითდასაქმების კომპონენტია, რადგან გათავისუფლების შემდეგ ყოფილი პატიმრები უფრო მეტად დასაქმების პრობლემას აწყდებიან. სწორედ ამ მიზეზის გამო, პროექტში ჩართული ბენეფიციარების უმრავლესობა თვითდასაქმების კომპონენტს ირჩევს.

ევროკავშირის მხარდაჭერით „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ ბენეფიციარების თვითდასაქმებას საგრანტო პროგრამით უწყობს ხელს, რაც მცირე დაფინანსების მეშვეობით საკუთარი საწარმოს ამოქმედებასა და განვითარებას გულისხმობს. მცირე საწარმო შესაძლოა იყოს სწრაფი კვების ობიექტი, თონე, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო, სახელოსნო და სხვა. საკუთარ საწარმოში ყოფილი პატიმრები თავად საქმდებიან, ასევე ასაქმებენ ოჯახის წევრებს, რაც საბოლოოდ მათი ოჯახის შემოსავლების გაზრდას უწყობს ხელს.