ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი დასრულდა

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი დასრულდა

29 ნოემბერს სასტუმრო რედისონში „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებდა.

პროექტით მიღწეული შედეგები:

  • ამოქმედდა სოციალური საწარმოები და დასაქმდა ყოფილი პატიმრები, პატიმართა ოჯახის წევრები და პრობაციონერები
  • ხელი შეეწყო ბენეფიციარების სტაჟირებას
  • დასაქმდნენ ბენეფიციარები მცირე ბიზნესის ჩამოყალიბება-გაძლიერების გზით
  • ამუშავდა ყოფილ პატიმართა განათლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები
  • გაუმჯობესდა ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • იურიდიული დახმარება გაეწია ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახებსა და პრობაციონერებს

პროექტის ფარგლებში, ყოფილი პატიმრების გაძლიერებისთვის „დემოკრატიის ინსტიტუტი“ თანამშრომლობდა როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორთან, ბიზნესკომპანიებთან, საპატრიარქოსთანდა ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში ჩართვაზე მზადყოფნას გამოთქვამდა. ერთობლივად იგეგმებოდა სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, სამედიცინო აქციები, გამოფენები.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ გუნდთან ერთად ბენეფიციარების სარეაბილიტაციო პროცესში ჩართული იყო ოჯახის წევრები, დაწესებულებები, ასევე რელიგიური პირებიც.

პროექტის პრეზენტაციაზე მამა შიო პაიჭაძემ ერთ-ერთი ბენეფიციარის რეაბილიტაციის პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ციხიდან გათავისუფლებული პირების გაძლიერებისთვის და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის საზოგადოებამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

„მნიშვნელოვანია, როგორც არასამათავრობო ორგანიზაციების მუშაობა, ასევე ოჯახის და სრულიად საზოგადოების მიმღებლობა. საპატრიარქოც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში, მე მახსენდება "დემოკრატიის ინსტიტუტის" ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომელიც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ დასაქმდა, ოჯახური და სხვა მრავალი პრობლემებით ის ისევ დანაშაულისკენ მიდრეკილი ხდებოდა, თუმცა ჩვენ ერთობლივად მოვახერხეთ, რომ ეს ადამიანი შემობრუნდა სიკეთისკენ. მე მზად ვარ სხვა ადამიანებსაც გავუწიო მხარდაჭერა და თუკი მსგავსი პროექტები იქნება სიამოვნებით ვითანამშრომლებ კიდევ“ - ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა შიო პაიჭაძე.

პრეზენტაციაზე მოწვეულმა სტუმრებმა ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„რესოციალიზაციის პროგრამის მნიშვნელობა და მისი არსებობის აუცილებლობა დავინახეთ არა მხოლოდ დღეს ამ პრეზენტაციაზე, არამედ მთელი პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, როცა ჩვენ ვთანამშრომლობდით "დემოკრატიის ინსტიტუტთან" და ვხედავდით როგორ საჭირო და ბენეფიციარზე მორგებულ სერვისებს აწვდიდა ორგანიზაცია ამ ადამიანებს. ვიცით, რომ დასაქმების პრობლემა ქვეყანაში მწვავედ დგას, განსაკუთრებით კი საპატიმროდან გათავისუფლებული პირისთვის, მათ პირველ რიგში ხელს უშლის საზოგადოებაში არსებული სტიგმა. ვფიქრობ, მსგავსი პროექტები აუციელბლად უნდა გაგრძელდეს და ყოფილ პატიმრებს ცხოვრების ხელახლა დაწყების შესაძლებლობა მიეცეს“ - ეთერ თურაძე ონლაინ გამოცემა ბათუმელების რედაქტორი.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის მხარდაჭერით ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციაზე 2015 წლიდან მუშაობს, უფრო ადრე კი ორგანიზაციამ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების სარეაბილიტაციო პროგრამები სისტემურ დონეზე დანერგა და წარმატებით განახორციელა.