ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების გადამზადება

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების გადამზადება

ტრენინგები, სტაჟირება, ხელობის შესწავლა, ეს ის მიმართულებებია, რასაც "დემოკრატიის ინსტიტუტის" პროექტი ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობის მიზნით სთავაზობს.

აღნიშნული კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებმაც ათი და მეტი წელი საპატიმროში გაატარეს, რადგან წლების განმავლობაში იცვლება ტექნოლოგიები, გარემო, შრომის ბაზარი და დასაქმების პირობები, პატიმრებს კი ციხეში გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევათ, შესაბამისად, გათავისუფლების შემდეგ პროფესიით დასაქმების მცირე შანსი აქვთ.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ბენეფიციართა გადამზადება მათი სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით იგეგმება.

ბენეფიციარები უკვე გადამზადდნენ ბუღალტერიის, შემდუღებლის, ავტომობილის ხელოსნის მიმართულებით. სტაჟირებისა და ხელობის შესწავლის გარდა, პროექტი დასაქმებისთვის საჭირო უნარების გამომუშავების კუთხით ტრენინგებსაც ითვალისწინებს.

"დემოკრატიის ინსტიტუტი", "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი" ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს სთავაზობს შემდეგ ტრენინგებს:

- ბიზნესის მართვა
- ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება
- CV სა და სამოტივაციო წერილის მომზადება, დამსაქმებელთან კომუნიკაცია.

სიახლე

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ჩართული ბენეფიციარები, რომლებიც სოფლის მეურნეობის კუთხით მცირე საოჯახო ბიზნესს აწარმოებენ, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ჰიგიენის ზოგადი ასპექტების შესახებ ტრენინგებს გაივლიან.

მსმენელები გაეცნობიან სურსათის უვნებლობის პარამეტრებს, ჯანსაღი ნედლეულის მოყვანის ასპექტებს, ნედლეულის სწორ გადამუშავებას, შეფუთვას, ეტიკეტირებას, ტრანსპორტირებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით სურსათის ექსპორტის ვალდებულებებს.

პროექტში ჩართვა შეუძლია ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს "დემოკრატიის ინსტიტუტი", "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".