ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების უფასო იურიდიული დახმარება

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების უფასო იურიდიული დახმარება

დემოკრატიის ინსტიტუტი ერთი წელია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე მუშაობს. ევროკავშირის დაფინანსებით პროექტი, ყოფილ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე პრობაციონერებს სხვადასხვა რეაბილიტაციის სერვისს სთავაზობს ☰

იურიდიული დახმარება ➤ გადამზადება ➤ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება ➤ სტაჟირება ➤ დასაქმება და თვითდასაქმება ➤ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. რეაბილიტაციის ამ პროგრამებში ჩართვა ყველა ბენეფიციარს შეუძლია, რისთვისაც აჭარაში დემოკრატიის ინსტიტუტს, გურიაში „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტს“, სამეგრელოში „თანაზიარს“ და იმერეთში „ფონდ აფხაზინტერკონტს“ უნდა დაუკავშირდნენ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის იურიდიული დახმარებაა.

რას მოიცავს იურიდიული დახმარება?

იურიდიული კონსულტაციები და სამართლებრივი დახმარება მოიცავს ნებისმიერ სფეროს, რაც შესაძლოა დაჭირდეს დაინტერესებულ ბენეფიციარს. კერძოდ:

► ბენეფიციარების პირადი დოკუმენტების მოწესრიგება (პასპორტი, განათლების დოკუმენტები და ა.შ.);

► პატიმრის შეწყალების დოკუმენტების წარმოება (დოკუმენტაციის შეგროვებაში დახმარება, განცხადების ტექსტის შემუშავება);

► უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესში დახმარება და სხვა.

დემოკრატიის ინსტიტუტის იურისტი რამინ გვარიშვილი ამბობს, რომ სტატისტიკურად ბენეფიციარებს ყველაზე მეტად პირადი დოკუმენტაციის მოწესრიგება, შეწყალებისა და ნასამართლობის ვადაზე ადრე მოხსნის დოკუმენტაციის მოგვარება ესაჭიროებათ, ასევე პირობითი მსჯავრის მოხსნის პროცედურები აინტერესებთ.

პროექტი საჭიროების შემთხვევაში მათ უფასო საადვოკატო დაცვას სთავაზობს. ამ კუთხით იურისტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ამასთან უპრეცედენტო საქმეს იხსენებს: ყოფილი პატიმარი შპს „ჰელსს“, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ტენდერში გამარჯვებული საავადმყოფოა, მორალური ზიანის ანაზღაურებაზე ედავებოდა. თბილისის სააპელაციოო სასამართლომ საქმე დემოკრატიის ინსტიტუტის დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი პატიმრის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მოპასუხეს 3000 ლარის ოდენობით მორალური ზიანისთვის დააკისრა.

კიდევ ერთი საინტერესო საქმე: ყოფილმა პატიმარმა პროექტის დახმარებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას მართვის უფლების აღდგენაზე მიმართა, რაზეც დადებითი პასუხი მოუვიდა. შედეგად ბენეფიციარი მძღოლად დასაქმდა.

● ინფორმაცია მათთვის, ვისაც პირობითი მსჯავრის გაუქმება, ნასამართლობის მოხსნა, ჩამორთმეული უფლებების აღდგენა სურს:

პირობითი მსჯავრის გაუქმება, მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნა და ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებისთვის, პირობით მსჯავრდებულმა პირმა უნდა მიმართოს პრობაციის ბიუროს განცხადებით, ბიურო შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას, ხოლო მსჯავრდებულს, რომელსაც პირობითი მსჯავრი არ აქვს, მისთვის ნასამართლობის მოხსნა და ,,ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ" საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენა ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება შესაძლებელია სასამართლოს გზით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით მსჯავრდებული პირებისათვის, სხვა პირობებთან ერთად სავალდებულოა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარდგენა პრობაციის ბიუროსათვის, რათა ამ ორგანომ შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ კომისიას.

თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე საკითხებზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.