ყოფილი პატიმრებისთვის იმერეთში ექსკურსია მოეწყო

ყოფილი პატიმრებისთვის იმერეთში ექსკურსია მოეწყო

ყოფილი პატიმრები, პატიმართა ოჯახის წევრები და პრობაციონერები აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან და იმერეთიდან ერთ მზიან და მშვენიერ დღეს, იმერეთის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად შეიკრიბნენ.

სათავგადასავლო გზა ოკაცეს კანიონიდან მოწამეთას მონასტრამდე ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა. კანიონის თითქმის 2 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკში დაიწყო. ტყის ეგზოტიკური გარემოს გავლით დამთვალიერებლები კიდულ ბილიკებს გაუყვნენ და პანორამული ხედების ფონზე სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

შემდეგი ლოკაცია წყალტუბოში პრომეთეს მღვიმე იყო.

მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეში წარმოქმნილი სასწაული სანახაობით აღფრთოვანებულ დამთვალიერებლებს მანძილი არც კი შეუნიშნავთ ისე გაიარეს 2 კილომეტრიანი ბილიკები. გიდის თანმხლებით არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრული დარბაზები დაათვალიერეს, მათი წარმოშობის ისტორიები მოისმინეს.

განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტების, სტალაგმიტებისა და გაქვავებული ჩანჩქერების ფონზე გადაღებული „სელფები“ ყველა მათგანის ფოტო ალბომებს შეემატა. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ბენეფიციარებისთვის მღვიმიდან სანაოსნო გზით გამოსვლა და ნავით გასეირნება იყო.

ექსკურსიის ბოლო ნაწილი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი - მოწამეთას მონასტერი იყო. ნაწილმა სალოცავი ადგილი მოილოცა, ზოგიერთმა ულამაზესი ხედების ფონზე სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და მონასტრის წინამძღვრისგან დალოცილი გზით თავ-თავიანთი რეგიონებისკენ გაეშურნენ.

ექსკურსიის მონაწილეები იყვნენ „დემოკრატიის ინსტიტუტის“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“, „თანაზიარის“ და „ფონდი აფხაზინტერკონტის“ ბენეფიციარები. კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოეწყო.