ყოფილი პატიმრის ოჯახის ცხოვრება

ყოფილი პატიმრის ოჯახის ცხოვრება

ოთხსულიან ოჯახში მარტო თვითონ მუშაობს. ამბობს, რომ ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის დაძლევა ორი საკერავი მანქანით და ერთი უთოთი შეძლო. კერავდა ყველაფერს, რასაც შეუკვეთდნენ. ასე გაუმკლავდა შვილის ექვსწლიან პატიმრობას. ამ დროს მეორე შვილი სტუდენტი ჰყავდა და მასაც უამრავი რამ სჭირდებოდა.

ციცო ბოლქვაძე 40 წლისაა და ახლა საკუთარი, მცირე სამკერვალო აქვს. თუმცა მანამდე დიდ სამკერვალო კომპანიაში იყო დასაქმებული, სადაც, როგორც თავად ამბობს, ზეგანაკვეთურად მუშაობდა ანაზღაურების გარეშე, ვერც შვებულებით სარგებლობდა და ვერც ოჯახის წევრებს უთმობდა დროს.

მიხვდა, რომ საკუთარი საქმე მალევე უნდა დაეწყო. მამამ ორი საკერავი მანქანა აჩუქა, შეკვეთების მიღება დაიწყო და ახლა დამოუკიდებლად მუშაობს.

„ბევრი საქმე მაქვს, კაბის შეკერვა 2 საათში შემიძლია, მომხმარებლებს დიდხანს არ ვალოდინებ და ბევრი მოდის ჩემთან. ვთანამშრომლობ უნივერსიტეტებთან, ცეკვის ანსამბლებთან, შევკერე ასევე ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მონაწილეების კოსტიუმები. დამოუკიდებლად მუშაობა ბევრად მეტ შემოსავალსაც ნიშნავს და თავისუფლებასაც,“ – ამბობს ყოფილი პატიმრის დედა.

ბევრს მუშაობს და ამბობს, რომ მისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა, მისი ოჯახის სხვა წევრებსაც რომ ჰქონდეთ სამსახური. ციცოს 24 წლის შვილი, რომელიც ციხიდან 2019 წლის აპრილში გათავისუფლდა, სამსახურს ვერ პოულობს, რაც მისთვის დიდი პრობლემაა. იმუშავა მშენებლობაზე და შეუსაბამო შრომითი პირობების გამო, მალევე დატოვა სამსახური.

„შვილის ციხეში მოხვედრის შემდეგ პატიმრების პრობლემები სხვაგვარად დავინახე. სახელმწიფოსგან არ გვიგრძვნია არანაირი დახმარება დასაქმების პროცესში, ჩვენი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემი შვილის დასაქმება. მიუხედავად იმისა, რომ შრომისუნარიანი ვარ, მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მუდმივად მჯდომარე და მოხრილი ვმუშაობ, შეიძლება ერთ დღეს ვეღარაფერი გავაკეთო და მთელი ოჯახი უსახსროდ დავრჩეთ,“ – ამბობს ციცო ბოლქვაძე.

სამკერვალოს გაფართოების მიზნით მან ,,დემოკრატიის ინსტიტუტს“ მიმართა და „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დრო ძალიან ცოტა აქვს, მაინც შეძლო ტრენინგებს დასწრებოდა. ტრენინგ-სემინერებით თავისი ბიზნესის გაძლიერებისა და წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შეიძინა.

,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. როგორც ციცო გვიყვება, არ სჯეროდა, რომ ვინმე რამით დაეხმარებოდა პატიმრის ოჯახს და აქამდე არც მსგავსი პროგრამის შესახებ გაეგო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროგრამაში ჩაერთო, მისი სამკერვალო დაათვალიერეს, აღწერეს და საჭირო დამატებითი ხელსაწყო-დანადგარები შეუძინეს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამა პატიმართა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის, დასაქმების ხელშეწყობასაც გულისხმობს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".