ყოფილი პატიმრის საოჯახო საწარმო

ყოფილი პატიმრის საოჯახო საწარმო

ციხისძისრის უღელტეხილზე ერთხელ მაინც თუ გაგივლიათ ადვილად შეამჩნევდით ხელნაკეთი სუვენირების, მინიატურული ეკლესიების, ბამბუკისგან დამზადებული სხვადასხვა ნივთებისა და ე.წ სტატუეტკების გამოფენას. გამოფენა ადგილობრივებს ძალიან მოსწონთ, თუმცა ის განსაკუთრებით დამსვენებლებს იზიდავს. ტურისტულ სეზონზე დღის განმავლობაში აქ უამრავი ადამიანი ჩერდება, ხელნაკეთი ნივთებიც საკმაოდ კარგად იყიდება. დასაქმებულები ძირითადად ციხისძირის მცხოვრებლები არიან.

მერაბ მიქელაძე ერთ-ერთია, ვინც გამოფენისთვის ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. პირველად ნიჟარებისგან დამზადებული სუვენირები ბათუმის ბულვარში ნახა და ძალიან მოეწონა. იდეა მალე რეალობად აქცია და ხელსაქმე თავად დაიწყო. პირველ ნამუშევარს დღემდე ინახავს და განსაკუთრებულად უყვარს.

მიქელაძეების ოჯახი უკვე თხუთმეტი წელია, რაც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. საკუთარი სახლის სარდაფში მცირე სახელოსნო აქვთ მოწყობილი, სადაც მთელი ოჯახი დიდი სიყვარულითა და მონდომებით მუშაობს. თითოეული ნივთის დიზაინზე ერთად მსჯელობენ, რათა ნამუშევარი, რაც შეიძლება ლამაზი გამოვიდეს და მყიდველიც შედეგით კმაყოფილი დარჩეს.

მაშინ, როცა მამა ბამბუკისგან ლუდის ჩამოსასმელ ჭურჭელსა და ჭიქებს ამზადებს, შვილი მინიატურულ ეკლესიაზე მუშაობს, დედა კი ნიჟარებისგან დამზადებულ სუვენირებს ღებავს. პარალელურად თითოეული თავისი პროფესიით არის დასაქმებული. მეუღლე ექთანია, 30 წელია რაც საავადმყოფოში მუშაობს, მაგრამ ხელსაქმე მისთვის იმდენად საყვარელი საქმე გახდა, რომ თითქმის მთელ თავისუფალ დროს სახელოსნოში ატარებს. შვილებიც დასაქმებულები არიან, მაგრამ მათაც ისევე უყვართ ხელსაქმე, როგორც მამას და სამუშაოს პარალელურად ცდილობენ, მეტი დრო მშობლებთან ერთად სახელოსნოში გაატარონ. ოჯახის ხელოვნებისადმი ასეთმა სიყვარულმა იმოქმედა მერაბზე და პატიმრობის შემდეგ რეაბილიტაციაში დაეხმარა.

2013 წელს სამ წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა, არ სურს ციხის პერიოდის გახსენება, მაგრამ ამბობს, რომ ძალიან მძიმე წლები გამოიარა. შედეგიც სახეზეა, ჯანმრთელობის პრობლემები პატიმრობის შემდეგ აწუხებს და დღემდე მკურნალობს. მერაბი პროფესიით მძღოლია, შეზღუდვების გამო, თავისი პროფესიით ვერ მუშაობს, ვერც მძიმე საქმეს ასრულებს, ერთადერთი, რაც ახლა კარგად გამოსდის და თანაც ძალიან უყვარს, ხელსაქმეა. ამბობს, რომ სუვენირების დამზადებისას, განსაკუთრებით კი ეკლესიების კეთების პროცესში უდიდეს სულიერ სიმშვიდეს გრძნობს, ამიტომ დღის უმეტეს ნაწილს სწორედ სახელოსნოში ატარებს.

მერაბ მიქელაძე დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარია. საოჯახო სასტუმროს გაძლიერების მიზნით, მან ბიზნესის მართვის ტრენინგი გაიარა და პროექტის დახმარებით გრანტი მიიღო. ხელსაქმისთვის საჭირო სამუშაო იარაღები შეიძინა, რითაც უფრო მეტი სუვენირების დამზადება შეძლო და ოჯახის შემოსავლებიც გაზარდა.

მიქელაძეების ოჯახი ახალი სეზონისთვის უკვე ემზადება, თუმცა მანამდე კერძო შეკვეთებს იღებს და მინიატურულ ეკლესიებს ამზადებს. ფიქრობენ, რომ სამომავლოდ საოჯახო საწარმო კიდევ უფრო გააფართოვონ და ბამბუკის ავეჯის დამზადება დაიწყონ.

დემოკრატიის ინსტიტუტი ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, მცირე საოჯახო საწარმოს გაძლიერებაში უწყობს ხელს. მიქელაძეების მსგავსად პროექტით ერთი წლის განმავლობაში ასამდე საოჯახო საწარმო დაფინანსდა.

პროექტს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ "დემოკრატიის ინსტიტუტი" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, "გურის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი", "ფონდი აფხაზინტერკონტი", ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო -ზემო სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.