კოორდინირებული მუშაობა-დადებითი შედეგის წინაპირობა

კოორდინირებული მუშაობა-დადებითი შედეგის წინაპირობა

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე აკაკი( სახელი პირობითია) აჭარის პრობაციის ბიურომ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პირობითი მსჯავრდებულების გაძლიერების პროგრამში“ გადმოამისამართა. ხეზე კვეთის ოსტატს თვითდასაქმებისთვის ხელსაწყოები ესაჭიროებოდა. „დემოკრატიის ინსტიტუტში“ მოსვლისას ბენეფიციარი მცირე საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობის სერვისში ჩაერთო.

ბენეფიციარისა და პროგრამის თანამშროლების ერთობილივი მუშაობის შედეგად აკაკის ხეზე კვეთისთვის საჭირო ხელსაწყოები დაუფინანსდა. ამბობს, რომ იმ დღიდან მისთვის ყველაფერი თავიდან დაიწყო და ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა. აკაკი დღეს დასაქმებულია, შეძენილი ხელსაწყოებით ამზადებს ხატებს, სამკაულებს, საუვილერიო ნივთებს და ეს მისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა.

აჭარის პრობაციის ბიუროსა და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ თანამშრომლობის ფარგლებში დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაციას გიგაც (სახელი პირობითია). ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბენეფიციარის მთავარ საფიქრალს სამსახურის პოვნა წარმოადგენდა. პროცესის გაჭიანურების გამო სპეციალობით სანტექნიკოსმა თვითდასაქმება გადაწყვიტა. დემოკრატიის ინსტიტუტის ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაში ჩაერთო და ხელსაქმისთვის საჭირო ხელსაწყოები დაუფინანსდა. ამბობს, რომ აღნიშნულით მისი და მისი ოჯახის წევრების ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა.

წელიწადნახევრის განმავლობაში პრობაციის აჭარის ბიუროსა და დემოკრატიის ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაში იურიდიული დახმარების სერვისი სულ-30-მა პირობითმა მსჯავლდებულმა მიიღო, რეაბილიტაციის კომპონენტში (სპორტულ, კულტურულ, შემეცნებითი ღონისძიებები) – 15 ჩაერთო, თვითდასაქმების კომპონენტით (მცირე საოჯახო ბიზნესის მხარდაჭერა) – 12-მა პირობითმა მსჯავლდებულმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების სერვისით(მედიკამენტების დაფინანსება და უფასო სამედიცინო კველვა)-12-მა პირობითმა მსჯავლდებულმა ისარგებლა.

ნინო ხაჩიძე- პროგრამის კოორდინატორი: დამსაქმებლების მხრიდან უნდობლობის გამო პირობით მსჯავლდებულებს დასაქმება უჭირთ. პროგრამაში ბენეფიციართა თვითდასაქმების კომპონენტის გათვალისწინება სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა. მცირე საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობის სერვისი ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს დამსაქმებლისგან დამოუკიდებლად გააძლიერონ უკვე არსებული საქმიანობა ან წამოიწყონ ახალი და მიიღონ შემოსავალი. საზოგადოებაში არსებული სტიგმის თუ სოცაილურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით დასაქმება ბენეფიციარებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება, ამიტომ აღნიშნული სერვისი პროგრამის ერთ-ერთი ღირებული და მნიშვნელოვანი კომპონენტია.

სწორედ თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მიღწეულ შედეგები, სამომავლო გეგმები და სამიზნე ჯგუფების გასაძლიერებლად კომუნიკაციის ეფექტიანი გზები იყო დემოკრატიის ინტიტუტისა და აჭარის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს ინფორმაცია აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სერვისების შესახებ, განიხილეს თუ როგორ უნდა ჩაერთოს ბენეფიციარები პროგრამაში, რომ მათი რეაბილიტაციის პროცესი იყოს მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული.

აჭარის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ თვითდასაქმება და განათლება ერთ-ერთი პრიორიეტული და მოთხოვნადი მიმართულებაა პრობაციონერებისთვის.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის“ პროგრამას დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2017 წლიდან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.