ლაგოდეხში ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახების ინტეგრაციაზე ახალგაზრდა ეკომიგრანტები მუშაობენ

ლაგოდეხში ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახების ინტეგრაციაზე ახალგაზრდა ეკომიგრანტები მუშაობენ

„სათემო კავშირი ჰერეთი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფ.ჰერეთისკარში ფუნქციონირებს. სოფელი სრულად არის დასახლებული 1989 წელს აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტებით. სწრაფი ტემპით მზარდ სოფელში ცხოვრობს 92 ეკომიგრანტი ოჯახი, რომელთა საცხოვრებელ გარემოში მაღაზიის, საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღისა და „სათემო კავშირ ჰერეთის“ გარდა, არანაირი ინფრასტრუქტურული შენობა-ნაგებობა ან დაწესებულება არ არსებობს.„სათემო კავშირი ჰერეთი“ უკვე წლებია ეკომიგრანტების პრობლემებზე მუშაობს. ორგანიზაციისთვის პრიორიტეტული სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების, სპორტულ-კულტურული ღონისძიებების მოწყობისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საკითხებია. შვიდი მოხალისე მუდმივად არის ჩართული სათემო კავშირის საქმიანობაში. სოფ.ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მოხალისეთა ბაზაზე ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვის მიმართულებით. სათემო კავშირი ბიზნესით დაინტერესებული ეკომიგრანტი ქალებისთვის ბიზნეს პროექტების მომზადების შესწავლას და საუკეთესო ბიზნეს იდეების მხარდაჭერასაც გეგმავს.

“სათემო კავშირ ჰერეთის” დამფუძნებლები და წევრები თავად ეკომიგრანტები არიან, ისინი კარგად იცნობენ ეკომიგრანტთა პრობლემებს და ახალ გარემოსთან შეგუების პროცესთან დაკავშირებულ სირთულეებს. ეკომიგრანტი მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებმა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ საგრანტო კონკურსში პროექტი წარმოადგინეს.
„გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა პროექტი, რომელიც აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ადამიანებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცხოვრებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში დაეხმარება. პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას საგანმანათლებლო ტრენინგ- სემინარების შეთავაზებითა და თვითმმართველობის საჯარო კრებებში ჩართულობით. ასევე მოხდება ეკომიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა კულტურული ცხოვრების წარმოჩენა და ტრადიციების გაზიარება - ამბობს პროექტის ავტორი თათია გელაძე.
პროექტი მოიცავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტებით დასახლებულ ყველა სოფელს. პროექტის სამიზნე ხუთი სოფელია: ფონა, არეშფერანი, ბოლქვი, ფიჩხიბოგირი, ხეჩილი.
„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ საგრანტო კონკურსში 4 პროექტი დააფინანსა. კონკურსში გამარჯვებული 2 პროექტი კახეთის რეგიონიდან, კერძოდ საგარეჯოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო 2 პროექტი გურიის რეგიონიდან - ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან იყო წარმოდგენილი. საგრანტო კონკურსი ’’ევროკავშირის’’ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში გამოცხადდა. ეკომიგრაციის საკითხებზე მომუშავე დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ პროექტის წერასა და დაფინანსების მოძიებაზე ტრენინგიც ჩაატარა.