დემოკრატიის ინსტიტუტი გურიის რეგიონში ეკომიგრანტების გაძლიერებაზე მუშაობს

დემოკრატიის ინსტიტუტი გურიის რეგიონში ეკომიგრანტების გაძლიერებაზე მუშაობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 9000-მდე ოჯახი ცხოვრობს, ამათგან 800-მდე მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული და დაუყოვნებლივ განსახლებას საჭიროებს. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არიან მთის სოფლებში მცხოვრები ოჯახები, სადაც დამეწყრილი ზონებისა და მდინარეების სანაპიროს გასწვრივ მდებარე სახლები და საკარმიდამო ადგილები წყალდიდობისას მუდმივ წარეცხვას განიცდის. გარდა ამ ოჯახებისა, რომელთა შესახებაც არსებობს გარკვეული ინფორმაცია, ბოლო პერიოდში მეწყერსაშიში ზონების გაზრდილი რაოდენობის გამო, მკვეთრად გაიზარდა პოტენციური ეკომიგრანტების რაოდენობაც.

გურიის რეგიონში ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების გაძლიერების მიზნით, „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაცია „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ დააფინანსა. პროექტის ბენეფიციარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტებისა და პოტენციური ეკომიგრანტების საცხოვრებელი, ადგილობრივ თემთან ინტეგრაციისა და სოციალურ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.
საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის დავით გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, ეკომიგრაციის მიმართულებით გურიის რეგიონში არსებობს რამდენიმე მთავარი პრობლემა: - მუნიციპალიტეტებს არ აქვთ ჩამოყალიბებული სამომავლო ხედვა, საშუალო ან გრძელვადიანი სტრატრეგიული მიდგომა ეკომიგრანტებისა და შესაძლო ეკომიგრანტების პრობლემების აღმოსაფხვრელად, ასევე არ არსებობს ეკომიგრანტთა ან პოტენციურ ეკომიგრანტთა მუნიციპალური მონაცემთა ბაზა, სადაც აღრიცხული იქნება ეკომიგრანტებისა და პოტენციური ეკომიგრანტების ოჯახები, კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. „დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით სწორედ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე ვიმუშავებთ და ვეცდებით, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ეკომიგრანტების პრობლემები ჩვენს რეგიონში მინიმუმამდე დავიყვანოთ“.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მხარს უჭერს ეკომიგრაციის საკითხებზე მომუშავე დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებას. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში დაფინანსდა.