მართვის უფლების აღდგენაზე კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო

მართვის უფლების აღდგენაზე კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო

„მინდა გაცნობოთ, რომ სატრასპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვა ხელს მიშლის სამსახურის დაწყებაში, ძალიან ბევრ ადგილას ვცადე დასაქმება მძღოლად, მაგრამ რაკი შეზღუდული მაქვს მართვის უფლება ვერ დავიწყე სამსახური. მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ ვარ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მსურს ჩემი შრომით მიღებული შემოსავლებით ვარჩინო ოჯახი. ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება ახლო ნათესავების დახმარებით მიწევს, რაც ძალიან რთულია ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის. მაქვს გულის უკმარისობა და ფიზიკური შრომა არ შემიძლია. იმ შემთხვევაში, თუ მომცემთ შანსს და აღმიდგენთ ჩამორთმეულ უფლებებს, თქვენი მხრიდან ხელს შეუწყობთ ჩემს საზოგადოებაში რესოციალიზაციას და ჩემი ოჯახი მზრუნველობის გარეშე აღარ დარჩება.“ - ამ შინაარსის წერილი „თანაზიარის“ დახმარებით, ყოფილმა პატიმარმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას დაახლოებით ორი თვის უკან გაუგზავნა, დადებითი პასუხი კი გასულ კვირას მოუვიდა.

მძღოლად დასაქმებას და ოჯახზე უფრო მეტად ზრუნვას უკვე შეძლებს, მაგრამ სანამ ახალ სამსახურს ნახავს, მანამდე სახლში მწოლიარე ავადმყოფი მეუღლის მოვლა უწევს. ორი წელია, რაც ხანდაზმულ ცოლ-ქმარს შვილიც პატიმრობაში ყავთ. ერთადერთი მცირეწლოვანი შვილიშვილის მოვლა-პატრონობა კი ბაბუას უწევს. ოჯახზე ზრუნვას ბაბუა მეფუტკრეობით ახერხებს, მაგრამ მართვის უფლების შეზღუდვის გამო, ფუტკრის ოჯახების ტრანსპორტირებას ე.წ მთაბარობის დროს ვერ ახერხებდა.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ დახმარებით 65 წლის ყოფილი პატიმარი ფუტკრის ოჯახების ყიდვას აპირებს, ხოლო მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, სეზონურად ფუტკრების ტრანსპორტირებას და უკეთესი მომავლის დაწყებას გეგმავს.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში მიმდინარეობს.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი, გურის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი, ფონდი აფხაზინტერკონტი.

პროექტის ფარგლებში, იურიდიული დახმარების კუთხით ბენეფიციარების მომართვიანობა მაღალი, სწორედ მართვის უფლების შეზღუდვას ასახელებენ დასქმების ხელისშემშლელ ფაქტორად. იურისტის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში პროექტს აღნიშნული იურიდიული დახმარებისთვის უკვე ათამდე ბენეფიციარმა მიმართა.

ინფორმაცია მათთვის, ვისაც პირობითი მსჯავრის გაუქმება, ნასამართლობის მოხსნა, ჩამორთმეული უფლებების აღდგენა სურს:

პირობითი მსჯავრის გაუქმება, მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნა და ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებისთვის, პირმა უნდა მიმართოს პრობაციის ბიუროს განცხადებით, ბიურო შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით მსჯავრდებული პირებისათვის, სხვა პირობებთან ერთად სავალდებულოა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარდგენა პრობაციის ბიუროსათვის, რათა ამ ორგანომ შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ კომისიას.

თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე საკითხებზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.