მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები პატიმრის ოჯახი

მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები პატიმრის ოჯახი

ოჯახს მარტო უძღვება და ცხოვრებისეულ პრობლემებსაც მარტო უმკლავდება. ორი არასრულწლოვანი შვილის დედა ბედს მაინც არ უჩივის და ამბობს, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა. მოთმინებით ელოდება ქმრის გათავისუფლებას და შვილებსაც მზრუნველობას არ აკლებს.

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ხუთსულიანი ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, სოციალური შემწეობა ქმრის დაპატიმრების შემდეგ აღარ მიუღიათ, ისინი მხოლოდ ოჯახის უფროსი წევრის ხანდაზმულობის პენსიის იმედად არიან, თუმცა მოხუცი ხშირად ავადმყოფობს და პენსია წამლებისთვისაც არ არის საკმარისი.

„ძალიან მძიმე წლები გამოვიარეთ, ჩემი მეუღლის დაპატიმრების შემდეგ მამამთილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ჩემი დედამთილიც ხშირად ავადმყოფობს და პენსია წამლებშიც არ ყოფნით. სოციალური დახმარება მეუღლის დაპატიმრების შემდეგ შეგვიწყდა, რის შემდეგ ძალიან მძიმე პერიოდში აღმოვჩნდით. მეზობლებისა და ახლო ნათესავების იმედად დავრჩით, ძალიან გაგვიჭირდა.“ - ამბობს პატიმრის მეუღლე.

ოთარი (სახელი პირობითია) 6 წელია სასჯელს გეგუთის ციხეში იხდის. ის ხუროთმოძღვარია, ერთ-ერთი ტაძრის ეზოში მუშაობდა, სამუშაოს დასრულების შემდეგ, სახლისკენ მიმავალს ,მოულოდნელად ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. ავტოავარიის შემდეგ არ მიმალულა, დაზარალებული თავად მიიყვანა საავადმყოფოში, მაგრამ გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

გათავისუფლებამდე სამი წელი დარჩა, ციხეში ხატებისა და ჯვრების კეთება ისწავლა და დროც ასე გაყავს. თავის ხელნაკეთ ნამუშევრებს ოჯახს ხშირად უგზავნის, სხვა ვერაფრით ეხმარება.

ცოტა ხნის წინ, პატიმრის ოჯახმა "ყოფილი პატიმრების გაძლიერების" პროექტის დახმარებით შეწყალების ოფიციალური დოკუმენტი მოამზადა. ოჯახი იმედოვნებს, რომ დადებითი პასუხი მოუვათ.

მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახი რესოციალიზაციის პროგრამაშიც ჩაერთო. პროექტის ფარგლებში „ფონდი აფხაზინტერკონტის“ ხელშეწყობით საკერავი მანქანა შეიძინა და საოჯახო საქმეების პარალელურად ახლა უკვე მცირე შემოსავალიც გაუჩნდათ.

რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩაერთნენ პატიმრის მცირეწლოვანი შვილებიც. ისინი გასართობ ცენტრში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. პატიმრის მეუღლე ფიქრობს, რომ ასეთ წამახალისებელ დღეებს შეუძლია შეცვალოს ადამიანის განწყობა, განსაკუთრებით მოზარდების და მათ მომავლის იმედი მისცეს.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტი ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას გულისხმობს. პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.