მცირე ბიზნესის ხელშეწყობა ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის

მცირე ბიზნესის ხელშეწყობა ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის

საპატიმროში გატარებული რვა წლის შემდეგ გათავისუფლდა, სახლში დაბრუნებულს საცხოვრებელი პირობები შეცვლილი დახვდა. ამბობს, რომ საზოგადოებაში ინტეგრაცია ვერ მოახერხა, რადგან ციხიდან გამოსულს ყველაზე მეტად საარსებო წყაროს პოვნა გაუჭირდა. საპყრობილეში პირველად მოხვედრამდე ის სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა, საქმე საკმაოდ შრომატევადი, თუმცა ანაზღაურებადი იყო და ცხოვრებაც ჩვეული რიტმით მიდიოდა, შემდეგ ორჯერ ნასამართლეობა და ციხეში გატარებული მძიმე წლები იყო.
ციხიდან გამოსული ბენეფიციარი 59 წლის ასაკში სრულიად მარტო ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარეშე დარჩა. მას სამსახურის ძიება და ცხოვრების თავიდან დაწყება უწევს. სურვილის მიუხედავად სამუშაოს მოძიება ვერ შეძლო, ამბობს, რომ მიზეზი ასაკი და ნასამართლეობაა. დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს მიმართა, სადაც ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“-ში ჩაერთო. საოჯახო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგებს დაესწრო და ბიზნეს განაცხადი შეიმუშავა. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამის დახმარებით ღორები შეიძინა, სამომავლოდ მეცხოველეობის მეურნეობის განვითარებას გეგმავს.


ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში დემოკრატიის ინსტიტუტი პატრნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმებაზე მუშაობს. ბენეფიციარების თვითდასაქმება მათივე სურვილისა და შესაძლებლობების გათვალიწინებით, საოჯახო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით მიმდინარეობს. საოჯახო მცირე საწარმოები ხშირად ბენეფიციარებისთვის საარსებო წყარო და დასაქმების ერთადერთი შანსია.
პროექტით საქართველოს ოთხ რეგიონში ხელოსანთა ჯგუფები, ხელსაქმე და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორმოცამდე მცირე საოჯახო საწარმო დაფინანსდა.

პროექტს ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი, ფონდი "აფხაზინტერკონტი".

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.