ყოფილი პატიმრების რკინის საამქრო სამეგრელოში

ყოფილი პატიმრების რკინის საამქრო სამეგრელოში

სამეგრელოში სორდიების ოჯახი, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში შამგონაში ცხოვრობს. მამა ანატოლი რკინაზე მუშაობს. ხელობა შვილებსაც შეაყვარა და უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთად მცირე საამქროს ამუშავებენ. მამა ორ შვილთან ერთად მოაჯირებს, ღობეებს და სხვადასხვა ნივთებს ამზადებს. მამაკაცები დღის უმეტეს ნაწილს სახელოსნოში ატარებენ, რამდენიმე შეკვეთაზე ერთდოულად მუშაობენ, რათა მეტი შემოსავალი მიიღონ და ოჯახის სოციალური მდგომარეობა მცირედით მაინც შეამსუბუქონ.

სორდიების მრავალშვილიანი ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. მდგომარეობა მაშინ დამძიმდა, როცა ანატოლი (მამა) შვილებთან ერთად დააკავეს. სამი პატიმრის შენახვა ოჯახს მძიმე ტვირთად დააწვა. რკინის საამქროს დაზგა-დანადგარებიც სწორედ მაშინ გაყიდეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხელოსნებმა სამუშაოს გაგრძელება ვეღარ შეძლეს, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.

სორდიების ოჯახს რეაბილიტაციაში ორგანიზაცია „თანაზიარი“ დაეხმარა. „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში სამივემ საოჯახო ბიზნესის მართვის ტრენინგი გაიარეს და ბიზნეს განაცხადი დაწერეს. იდეა დაუფინანსდათ, ახალი დაზგა-დანადგარები შეიძინეს და მუშაობა ისევ გააგრძელეს. ხელოსნები სამომავლოდ რკინის საამქროს გაფართოებას გეგმავენ და იმედი აქვთ, რომ მათ საოჯახო საქმეს ტრადიციულად მომავალი თაობები გააგრძელებენ.

სწორედ მცირე საოჯახო ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობას ითვალისწინებს პროექტი, რომელსაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მცირე გრანტით დაფინანსდა შემდეგი მცირე საოჯახო ბიზნესი: ხელოსანთა ჯგუფები, სწრაფი კვების ობიექტი, ხელსაქმე, სოფლის მეურნეობა, მესაქონლეობა და მეფრინველეობა.

მცირე საგრანტო პროგრამით დაინტერესებულ ბენეფიციარებს პროექტის ფარგლებში ბიზნესის მართვის ტრენინგები უტარდებათ.

ტრენინგები შემდეგ საკითხებს მოიცავს:
- ბიზნეს-იდეის მოფიქრება, საჭირო ინფორმაციის შეგროვება, ბაზრის კვლევა;
- ბიზნესის წარმოების სამართლებრივი საფუძვლები (ბიზნესის რეგისტრაცია, გადასახადები);
- ბიზნესის მართვის მთავარი პრინციპები (პროექტის მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, შემოსავლისა და ხარჯების აღრიცხვა და ა.შ.);
- პროდუქციის გაყიდვის ინსტრუმენტები (მარკეტინგი);
- დაფინანსების მოძების შესაძლებლობები (გრანტები, კრედიტები, პარტნიორის მოძიება).
ბენეფიციარებს, რომლებიც ბიზნეს განაცხადს დაწერენ უფასო კონსულტაციები გაეწევათ.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, „თანაზიარი“, „ფონდი აფხაზინტერკონტი“.