მოპედების ხელოსანი ბენეფიციარი

მოპედების ხელოსანი ბენეფიციარი

2010 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც პატიმრობიდან გათავისუფლდა, სკუტერებს აწყობს და არემონტებს. ციხეში გიორგიმ სამ წელიწად-ნახევარი გაატარა. 35 წლის გიორგი თორდია ყოფილი პატიმარია, ზუგდიდში ცხოვრობს და ძირითადად, მოპედების შეკეთება-აწყობითაა დაკავებული. მთელ დღეს სახელოსნოში ატარებს, მისი მთავარი გატაცება მოპედია.

მოპედით საქართველოში უკვე ბევრი გადაადგილდება. ეკონომიურობის, ხელმისაწვდომი ფასისა და იმის გამო, რომ ამ სატრანსპორტო საშუალების სამართავად მართვის მოწმობა საჭირო არ არის, მოპედი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეებთან ერთად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საფრთხეებიც, რომლის წინაშეც შეიძლება მოპედის ტარებისას აღმოვჩნდეთ, თუკი უსაფრთხოების წესებს არ დავიცავთ.

„ბავშვობიდან სულ მყავდა მოპედები, თავიდან მხოლოდ რუსული, მერე თანდათან ფერადი, ევროპული მოპედები გამოჩნდა და ახლა უკვე სამი სხვადასხვანაირი მყავს. ზოგი ქალაქში გადასაადგილებლადაა მოსახერხებელი, ზოგიც შორ მანძილზე სამოგზაუროდ,“ – ამბობს გიორგი თორდია.

ბათუმში, მარტვილის კანიონზე და სვანეთშიც კი ყოფილა მოპედით მეგობრებთან ერთად. ზუგდიდიდან ბათუმამდე ჩამოსვლას მოპედით თურმე სულ 4 საათი სჭირდება (შესვენებებით). 100 კილომეტრის გავლისთვის კი მხოლოდ 3 ლიტრი ბენზინია საჭირო.

ზუგდიდში ვის მოპედსაც რაიმე დაუზიანდება, ყველა გიორგის სახელოსნოს მიაშურებს.

მოპედით დაინტერესებულებს გიორგი ურჩევს, რომ ტარების სწავლისას აუცილებელია არ ავჩქარდეთ და თავიდან რაც შეიძლება ნელა ვატაროთ, ასევე არ დაგვავიწყდეს ჩაფხუტი, სამუხლეები და სამკლაურებიც.

გიორგი სამეგრელოში მოქმედი ფონდის „თანაზიარის“ ბენეფიციარია, რომელიც „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით ჩართულია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში.

გიორგიმ ამ პროგრამის საშუალებით მოპედების სახელოსნოსთვის აუცილებელი ხელსაწყოები შეიძინა და მისი სამომავლო გეგმებიც მოპედებს უკავშირდება. აპირებს საკუთარი ხელით ააწყოს მოპედები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, გააქირაოს და ასე გაზარდოს შემოსავალი.

გიორგი ფიქრობს, რომ მოპედების პარკი ზუგდიდს გამოაცოცხლებს.