ოჯახი დახმარების მოლოდინში

ოჯახი დახმარების მოლოდინში

საკუთარი სახლის პირველ სართულზე ნახევრადბნელ ოთახში პატარა სახელოსნო აქვს მოწყობილი, სამუშაო ოთახში კუთხეში ავეჯის დასამზადებელი მასალებია განთავსებული, ირგვლივ ხელსაწყო იარაღები აწყვია, გარემოს ეტყობა, რომ ხელოსანს ბევრი საქმე აქვს. ახლა კარადის დამზადებას ასრულებს, ისე კი სკამებს, მაგიდებს, თაროებს და სხვა საოფისე და საოჯახო ავეჯს ამზადებს, შეკვეთებსაც ღებულობს. ავეჯის დამზადებაში მას უფროსი შვილი ეხმარება.

„ავეჯის დამზადება ციხეში მოხვედრამდე დავიწყე, შეკვეთებსაც ვღებულობდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემი ცხოვრება ერთმა დღემ სრულიად შეცვალა. ციხეში გატარებული წლები ძალიან მძიმეა, გახსენებაც არ მინდა, ვცდილობ დავივიწყო პატიმრობის ყველა წუთი და წამი. ცხოვრებას ვიწყებ თავიდან და ამაში შვილები, ახლობლები, ნათესავები, მეზობლები მეხმარებიან. ძველი საქმეც გავაახლე და ჩემს პატარა ცეხში ავეჯს ვაკეთებ. მარტო მუშაობა ჯანმრთელობის გამო გამიჭირდა, საქმეში უფროსი შვილი მეხმარება“.

37 წლის ბენეფიციარი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, რის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ გარკვეული პერიოდი ეტლს იყო მიჯაჭვული. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მას შშმპ სტატუსი აქვს და დღემდე მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის. თუმცა, მიუხედავად ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მაინც მუშაობს. პატარა სახელოსნოთი ოჯახს არჩენს. „ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროგრამის დახმარებით, ბენეფიციარმა სახელოსნოსთვის სამუშაო ხელსაწყოები შეიძინა.

„ფონდი აფხაზინტერკონტის დახმარებით ის ხელსაწყოები შევიძინე, რაც ძალიან მჭირდებოდა. ახლა უკვე მაქვს პულივიზატორი, პერფერატორი, კომპრესორი, ქანჩების ნაკრები და თითქმის ყველა სახის ავეჯის დამზადება შემიძლია“.

ოჯახური მცირე საწარმო ნელ-ნელა გაძლიერდა, მამა-შვილიმა ხელსაქმე ერთად კარგად ააწყეს, მაგრამ ბენეფიციარის სახელოსნო რამდენიმე დღის წინ ძლიერმა წვიმამ დააზიანა. დაზიანდა მასალაც, რომელიც ავეჯის დასამზადებლად ჰქონდა შეძენილი. ფონდ აფხაზინტერკონტის სოციალური მუშაკის რეკომენდაციით, ბენეფიციარმა ზიანის ანაზღაურებისთვის ადგილობრივ თვითმართველობას მიმართა. ოჯახი დახმარების მოლოდინშია.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამა აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში მიმდინარეობს.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი, გურის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი, ფონდი აფხაზინტერკონტი.