ოცნება და რეალობა

ოცნება და რეალობა

თავისუფლებაზე წლების განმავლობაში ოცნებობდა, თუმცა გისოსებს მიღმა მრავალი პრობლემა და ცხოვრებისეული სირთულე დახვდა.

მომავლის რწმენა არც მაშინ დაუკარგავს. ცხოვრების ახალი ეტაპი მცირეწლოვან შვილთან და დედასთან ერთად ერთ პატარა ქოხში, საკუთარი ხელსაქმის იმედად დაიწყო. თორნიკეს ნიჟარებით სუვენირების კეთების 12 წლიანი გამოცდილება აქვს. პატიმრობის შემდეგ სწორედ ამ ხელსაქმეს დაუბრუნდა, თუმცა არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო, ინვენტარების შეძენა ვერ შეძლო და დახმარებისთვის „დემოკრატიის ინსტიტუტს“ მიმართა.

ორგანიზაციაში მოსვლის შემდეგ იგი „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“-ში ჩაერთო. ორგანიაზაციამ მას თვითდასაქმების ხელშესაწყობად ხელსაქმისათვის საჭირო ინვენტარი შეუძინა.

საკუთარი ნამუშევრების რეალიზებას თორნიკე სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში ახდენს და ეს საქმიანობა დღეს-დღეობით მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

ახალი ინვენტარითა და იდეებით დღეს იგი უკვე ბიზნესის განვითარებაზე მეგობართან ერთად ფიქრობს, რომელიც ასევე ყოფილი ბენეფიციარია და აღნიშულ საქმიანობას თორნიკესთან ერთად ეწევა. ნამუშევრების რეკლამირების მიზნით სამომავლოდ თორნიკე ფოტო კურსების გავლასაც აპირებს.

უნდა, რომ ამ ხელსაქმით მომავალი თაობაც დაინტერესდეს. სწორედ ამიტომ პირად გამოცდილებას ახლა უკვე ახლაგაზრდებს უზიარებს.

ამბობს, რომ გამოწვევები არ აშინებს. სურვილი აქვს, მისი ცხოვრებაც მის მიერ შექმნილი ნივთების მსგავსად ლამაზი და ფერადოვანი გახდეს. დარწმუნებულია, რომ მიზანს მალე მიაღწევს. მისი ოჯახის წევრების ცხოვრებაც ამ პატარა ქოხიდან, მათ საოცნებო სახლში გადაინაცვლებს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში დემოკრატიის ინსტიტუტი პატრნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების გაძლიერებაზე მუშაობს. ბენეფიციარების თვითდასაქმება მათივე სურვილისა და შესაძლებლობების გათვალიწინებით, საოჯახო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით მიმდინარეობს. ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა ხშირად ბენეფიციარებისთვის თვითდასაქმების ერთადერთი შანსია.

პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი, ფონდი "აფხაზინტერკონტი" ახორციელებს.