პატიმრის ოჯახის სასათბურე მეურნეობა

პატიმრის ოჯახის სასათბურე მეურნეობა

ლია ჟღენტი გურიაში ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, ის პატიმრის დედაა. შვილი 2007 წელს დააკავეს, მაშინ ის 18 წლის იყო და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა, თუმცა ერთი მძიმე შემთხვევის გამო, სამომავლო გეგმები შეეცვალა.

დედა ამბობს, რომ საპატიმროში მოხვედრის შემდეგ, რაც ყველაზე მეტად გაუჭირდა ოჯახთან დაშორება იყო, განიცდიდა თავის მდგომარეობას. სხვა გეგმები ჰქონდა და სულ სხვაგან მოხვდა.

„აბიტურიენტი იყო, მასწავლებელთან ემზადებოდა, მაგრამ ცხოვრებისეულმა განსაცდელმა ყველაფერი შეცვალა. გათავისუფლების შემდეგ რას გააკეთებს არ ვიცი, მასაც არ აქვს ჯერ არაფერი დაგეგმილი, მაგრამ ციხეში არც სწავლისთვის დაუნებებია თავი და არც ხელი ჩაუქნევია. ხშირად ვნახულობ, წიგნებს ვუგზავნი, ინგლისურს სწავლობს, მინდა რომ ცხოვრება გააგრძელოს ჩვეულებრივად და გახდეს წარმატებული ადამიანი.“ - ამბობს პატიმრის დედა.

გათავისუფლებამდე ერთი წელი დარჩა, ზუსტად არ იცის სახლში დაბრუნების შემდეგ რას გააკეთებს, თუმცა დედა ფიქრობს, რომ შვილის საქმიანობა საოჯახო ბიზნესთან იქნება დაკავშირებული.

პატიმრის ოჯახს სანერგე მეურნეობა უკვე წლებია აქვს. სათბურში გამოჰყავთ კივის, კაკლის, ფეიხოას ნერგები, რაზეც მოთხოვნა მაღალია და რეალიზაციას თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოში ახდენენ.

პატიმრის ოჯახი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაშია ჩართული. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ხელშეწყობით სასათბურე მეურნეობისთვის სარწყავი მილები და წყლის ავზი შეიძინა.

„ძალიან გვჭირდებოდა წყლის ავზი, გვალვების პერიოდში ჩითილებს სპეციალური და ხშირი მორწყვა სჭირდება, ჩვენ საკმარისად ვერ ვრწყავდით და ხშირად გვიფუჭდებოდა ნერგები. ამ ავზისა და სარწყავი მილების დახმარებით შევძლებთ გვალვებშიც თამამად გამოვიყვანოთ ბევრი ჩითილი, რაც შემდგომ უფრო მეტ რეალიზებას და შემოსავალს მოგვცემს“

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, „თანაზიარი“ და „ფონდი აფხაზინტერკონტი“ ევროკავშირის მხარდაჭერით, დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.

პროექტის მთავარი მიმართულებები:

• სოციალური საწარმოების ამოქმედება და ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობა;

• ბენეფიციარების სტაჟირება დასაქმების პირობით;

• ბენეფიციართა თვითდასაქმება-საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბების გზით;

• ყოფილ პატიმართა განათლება და პროფესიული გადამზადება;

• ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

• იურიდიული დახმარება.

პროექტთ დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

დემოკრატიის ინსტიტუტი /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

აფხაზინტერკონტი / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78