პატიმრის ოჯახის ცხოვრება

პატიმრის ოჯახის ცხოვრება

30 წლის ქეთი (სახელი პირობითია), რომელიც სრულიად მარტო ორ მცირეწლოვან შვილთან და ავადმყოფ დედასთან ერთად ცხოვრობს, პატიმრის მეუღლეა. ერთი წელია, რაც მისი მეუღლე პატიმრობაშია, მასთან შეხვედრას ხშირად ვერ ახერხებს, მაგრამ ცდილობს შვილებს მამის სიყვარული და სითბო შეუნარჩუნოს, რისთვისაც ხშირად ურეკავს, ესაუბრება და ამხნევებს მას.

„ორ მცირეწლოვან შვილთან და ავადმყოფ დედასთან ერთად სრულიად მარტო დავრჩი. ოჯახზე ზრუნვისა და რჩენის ტვირთი საკუთარ თავზე ავიღე. თავიდან ძალიან გამიჭირდა არც სამუშაო მქონდა, მხოლოდ დედის პენსიასა და სოციალურ შემწეობაზე ვიყავი დამოკიდებული. მალე მეგობრების დახმარებით სამუშაო დავიწყე, მაგრამ როგორც კი ხელფასი ავიღე სოციალური დახმარება მომიხსნეს.“

შემოსავლის დაფიქსირების გამო, სოციალური დახმარება მოუხსნეს, რამდენიმე თვეში ქეთიმ სამსახურიც დაკარგა და პატიმრის ოჯახი დედის პენსიის ამარა დარჩა. მცირეწლოვანი შვილების გამო, ახალგაზრდა დედა არანაირ სამუშაოს არ თაკილობს, ამბობს, რომ დასაქმდება მიმტანად, დამლაგებლად, მაგრამ სამუშაოს მოძიება ვეღარ შეძლო. საოჯახო საქმეებითაც ქეთია დაკავებული, აპობს შეშას, ამუშავებს მიწას, მოყავს მოსავალი, მაგრამ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით ოჯახის რჩენას ვერ უმკლავდება.

ქეთი მეგობრების დახმარებით "გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში" მივიდა. ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაში ჩაერთო. მცირე საგრანტო დაფინანსებით მან დეკეული შეიძინა. ამბობს, რომ შეკვეთილსა და ურეკში, ზაფხულობით ბევრი დამსვენებელია, სადაც რძის ნაწარმის რეალიზაციას მოახდენს. რძის პროდუქტების აქტიურად გაყიდვას გეგმავს თავის სოფელშიც, რაც მისთვის შემოსავლის ახალი წყარო იქნება.

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციის მიზნით პროექტი ბენეფიციარების დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი", "ფონდი აფხაზინტერკონტი" დასავლეთ საქართელოს ოთხ რეგიონში აჭარა, გურია, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.