პირველად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში

პირველად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული ხუთი პეტიციის განხილვა დაიწყო. ვინაიდან საქართველოს თვითმმართველობებში პეტიციის ფორმით საკითხის გადაწყვეტის პრაქტიკა მწირია, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეს პირველი შემთხვევა იყო.
ხუთივე საპეტიციო საკითხს ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა მხარდაჭრა გამოუცხადეს.
„ეს არის ძალიან კარგი ნოვაცია. თუ ასეთი აქტიურობა იქნება მოქალაქეების მხრიდან, უფრო მეტი გაკეთდება“ - ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე პეტიციის ინიციატორმა მოქალაქეებმა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან ერთად პეტიციის ფორმით 5 საკითხის გადაწყვეტის აქტუალობა დაასაბუთეს.
1.ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებსა და დაბაში მოეწყოს მისამართების განმსაზღვრელი აბრები და ნიშნულები.
სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ელექტრონული მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობას იურიდიული მისამართები განსაზღვრული აქვს (ქუჩა, ჩიხი), თუმცა შესაბამისი აბრები და ნიშნულები განთავსებული არ არის. უცხოელი ტურისტებისთვის და საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისათვის რთულია კონკრეტული ადგილის მოძებნა, მისი მიგნება. ასევე აღნიშნული საკითხის მოუგვარებლობა ხშირ შემთხვევაში პრობლემას უქმნის საფოსტო გზავნილების, სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურების ადრესატამდე მისვლას.
2. მოქალაქეთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სფეროში ხულოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ბიზნესის თანადაფინანსების მიზნით ამოქმედდეს მუნიციპალური პროგრამა.
სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილ ადგილობრივ ბიზნესს მუნიციპალური პროგრამა გარკვეული პროცენტული რაოდენობით (არაუმეტეს 30%) გაუკეთებს თანადაფინანსებას, რომელსაც არანაკლებ 70%-ით სხვა სახელმწიფო პროგრამა, ან დონორი ორგანიზაცია აფინანსებს.
3.გოდერძის უღელტეხილზე მდებარე ტურისტულ ობიექტ ’’მწვანე ტბა’’-სთან მისასვლელ გზას გაუკეთდეს რეაბილიტაცია და განთავსდეს ნიშნულები.
ტურისტებს შორის ეს ადგილი ხულოს მუნიციპალიტეტში ყველაზე პოპულარულია, თუმცა აღნიშნულ ტბასთან მისასვლელი გზა იმდენად მოუწესრიგებელია, რომ მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი ტბასთან მისვლა. ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული არ არის “მწვანე ტბას”-თან მისასვლელი მიმართულების განმსაზღვრელი ნიშნულები.
აღნიშნული გზის მოწესრიგება მნიშვნელოვნად გაზრდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტულ პოტენციალს.
4.დაფუძნდეს სახალხო დღესასწაული ''ხულოელობა''.
ხულო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველაზე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია. მდიდარი ისტორიული და გეოგრაფიული წარსულით. ხულოს ძველი სახელწოდება – ხულა „სავაჭრო სახლს“ ნიშნავს. შუა საუკუნეებში აქ გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს გოდერძის უღელტეხილით აჭარა-შავიზღვისპირეთთან აკავშირებდა.
სამწუხაროდ, ამ დრომდე ხულოს მუნიციპალიტეტში არ არის განსაზღვრული თარიღი, რომელიც დაკავშირებული იქნება ხულოს ისტორიასთან და ხულოელობასთან.
5. ხულოს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს შესაბამისი პროგრამები.
ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვას ხულოს მუნიციპალიტეტი ბოლო წლებში არ ახორციელებს (არ მოქმედებს შესაბამისი პროგრამა).
სხდომაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური განსახილველი საკითხი შიდა სასოფლო გზებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის კომპეტენცია იყო. მოქმედი კანონმდებლობით, შიდა სასოფლო გზები მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, თუმცა რეალურად აღნიშნული გზების რეაბილიტაციას აჭარის საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.
ხულოს საკრებულო კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციის დაბრუნებას ითხოვს. საკრებულოს წარმომადგენლებმა „დემოკრატიის ინსტიტუტს“ ამ საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერა თხოვეს.
ხულოს საკრებულოში კომისიებმა წარდგენილ საპეტიციო საკითხებზე მუშაობა დაიწყეს.
„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტის სამიზნე დასავლეთ საქართველოს სამი რეგიონის (აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი) 20 მუნიციპალიტეტში პარტნიორ ორგანიზაციებთან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, განაგრძობს პეტიციების წარდგენას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.