პრეცედენტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში - თვითმმართველობამ მოქალაქეების მიერ ინიცირებული პეტიციების განხილვა დაიწყო

პრეცედენტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში - თვითმმართველობამ მოქალაქეების მიერ ინიცირებული პეტიციების განხილვა დაიწყო

პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული პეტიციების განხილვის პრეცედენტი იყო. მოსახლეობის მიერ პეტიციების ფორმით წარდგენილი ოთხი ყველაზე პრიორიტეტული პრობლემა საკრებულომ თავის ისტორიაში განსახილველად პირველად მიიღო და საკითხების შესწავლა მიზანშეწონილად ცნო.

მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის პრობლემების კვლევას და პეტიციების მომზადებას „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორი ორგანიზაცია რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ ახორციელებდა.

რა საკითხები და რატომ უნდა გადაუწყვიტოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკრებულომ ამ ეტაპზე ? - ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის აქტუალობას საკრებულოს ხუთივე კომისიის ერთობლივ სხდომაზე მუნიციპალიტეტის აქტიური მოქალაქეები ასაბუთებდნენ. აქტიური, ლიდერი მოქალაქეები საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიარის“ წარმომადგენლებმა მოსახლეობის პრობლემების კვლევის დროს საჯარო შეხვედრებზე შეარჩიეს.

წალენჯიხის მოსახლეობამ პეტიციები მუნიციპალიტეტში არსებულ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე მოამზადეს:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ითხოვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების მოვლისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 100 ლარი გამოიყოს. შშმ პირები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ისე როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან, მათ არა აქვთ დასაქმების შესაძლებლობა, ისინი იზოლირებული არიან საზოგადოებისგან. პენსია, რომელსაც ღებულობენ, სახელმწიფოსგან წამლის შესაძენადაც არ ჰყოფნით. ოჯახის წევრებიც ხშირ შემთხევაში უმუშევრები არიან და შშმ პირის პენსიით და სოციალური დახმარებით ცხოვრობენ. ასე დაასაბუთა წალენჯიხელმა ლელა კაკაჩიამ პრობლემის აქტუალობა.

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალსა და სოფელ მედანს შორის ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა წალენჯიხაში. ორ სოფელს შორის დამაკავშირებულ გზას რეაბილიტაცია ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ჩატარებია. არ არის გაკეთებული სანიაღვრე არხი, ამიტომ გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ზამთარში და წვიმიან ამინდში აღნიშნული ორი სოფელი ერთმანეთს მოწყვეტილია.

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მდინარე ჭანისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაგვიანების ამკრძალავი ნიშნების მოწყობას და აღნიშნული ტერიტორიის ყოველდღიურად დასუფთავებას ითხოვს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი დიდი მდინარეა ჭანისწყალი, სადაც ადგილობრივები მთელი ზაფხულის განმავლობაში დადიან საბანაოდ, მაგრამ მდინარის სანაპიროზე არის ანტისანიტარია, რადგან ყოველდღიურად არ მიმდინერეობს ნაპირის გაწმენდა, ამიტომ ზაფხულის პერიოდში დიდია სხვდასხვა გადამდები ინფექციის გავრცელების საშიშროება.

4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაშია მდინარე ჭანისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის გამო. მოსახლეობა კანალიზაციის აუზის მოწყობას ითხოვს. კანალიზაციის აუზი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაკეთდა, არ არის ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისი. პირველი - ზომით არის პატარა და შიგ ჩასული მასისთვის არ არის საკმარისი, ასევე ეს აუზი მოწყობილია მდინარე ჭანისწყალის ნაპირზე, ამიტომ წვიმიან ამინდში აუზი ივსება წყლით და ჩაედინება მდინარეში, მიმდებარე ტერიტორიაზე არის ანტისანიტარია, ვრცელდება სხვადასხვა დერმატოლოგიური ავადმყოფობა, დაფიქსირდა ფილტვების პნევმონიის შემთხვევებიც.

სხდომა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა მადლობა გადაუხადეს პეტიციის ინიციატორ მოქალაქეებს და „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიარის“ წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრის მიზნით თანამშრომლობისთვის. საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა გამოხატეს მზაობა მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში არსებული საკითხების განხილვის და კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტის თაობაზე.

მოქალაქეების მიერ წარდგენილი პეტიციების თაობაზე, საკრებულომ გადაწყვიტა:

1. შესწავლილ იქნეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების ყოველთვიური მოვლის ხარჯების ოდენობის განსაზღვრისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ საკითხი და ერთი თვის ვადაში, პეტიციის შესახებ დასკვნა პეტიციასთან ერთად, განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას.

2. მეორე საკითხთან დაკავშირებით: შესწავლილ იქნეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სოფლების (ჯგალი და მედანი) შორის ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია“-ის შესახებ საკითხი და ერთი თვის ვადაში, პეტიციის შესახებ დასკვნა პეტიციასთან ერთად, განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას.

3. მესამე საკითხთან დაკავშირებით: შესწავლილ იქნეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მდინარე ჭანისწყალის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაგვიანების ამკრძალავი ნიშნების მოწყობა და აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავების უზრუნველყოფა“ -ის შესახებ საკითხი და ერთი თვის ვადაში, პეტიციის შესახებ დასკვნა პეტიციასთან ერთად, განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას.

4. მეოთხე საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანალიზაციის აუზის მოწყობის შესახებ ტენდერი ორი დღის გამოცხადდა და მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც 25 ათასამდე ლარის ფარგლებში აღნიშნულ საქმიანობას განახორციელებს.

საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ გარკვეული პრობლემები ზოგჯერ ყურადღების მიღმა რჩება, ამიტომაც ისინი მადლობას უხდიან არასამთავრობო ორგანიზაციებს და გამოხატავენ მზაობას მოქალაქეთა ჩართულობითა და სამოქალაქო სექტორის დახმარებით შეისწავლონ მათ მიერ ინიცირებული საკითხები და საჯაროდ, სამართლიანად მიიღონ გადაწყვეტილებები.

„დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიარის“ წარმომადგენლები მიესალმებიან ერთობლივ თანამშრომლობას - ხელი შეუწყონ მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით პეტიციის ინსტრუმენტის ინოვაციური პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

პროექტს “დემოკრატიის ინსტიტუტი” პარტიორ ორგანიზაციებთან ერთად დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.