პროექტი ყოფილი პატიმრების გაძლიერებისთვის

პროექტი ყოფილი პატიმრების გაძლიერებისთვის

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ წელიწადზე მეტია, რაც პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პატიმართა ოჯახის წევრების რეაბილიტაციის პროგრამებზე მუშაობს.

სამედიცინო დახმარება, უფასო იურიდიული კონსულტაციები, სწავლება, დასაქმების ხელშეწყობა – ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ისახავს მიზნად.

პროგრამა დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში მიმდინარეობს და მასში ჩასართავად მსურველებმა უნდა მიმართონ აჭარაში „დემოკრატიის ინსტიტუტს“, გურიაში „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს“, სამეგრელოში „თანაზიარსა“ და იმერეთში „ფონდ აფხაზინტერკონტს“.

☞ როგორ ერთვებიან ბენეფიციარები რეაბილიტაციის პროგრამებში

ყოფილი პატიმრის, პრობაციონერისა და პატიმრის ოჯახის წევრის რეაბილიტაცია ოფისში მისვლისთანავე იწყება. სოციალურ მუშაკთან გასაუბრების შემდეგ დგინდება საჭიროებები, ფასდება როგორც ბენეფიციარის, ასევე მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, უნარები და დასაქმების შესაძლებლობები. საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარების რეაბილიტაციის პროცესში ერთვება იურისტიც, რომლის მხარდაჭერით ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ კონსულტაცია და მოამზადონ ყველა სახის იურიდიული დოკუმენტი. თითოეული ბენეფიციარის რესოციალიზაცია გულისხმობს არამარტო ერთი პიროვნების ჩართვას რეაბილიტაციის პროგრამაში, არამედ მისი ოჯახის წევრების გაძლიერებასაც.

☞ რა სერვისებს ითვალისწინებს რესოციალიზაციის პროგრამები

რესოციალიზაციის პროგრამები, როგორც უკვე ვთქვით არამხოლოდ ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების, არამედ მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია ყოფილი პატიმრებისთვის ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობაში მხარდაჭერა და მედიკამენტების შესყიდვა. პროექტის მხარდაჭერით ბენეფიციარებმა ისარგებლეს უფასო გამოკვლევებითა და მედიკამენტებით, ასევე ყოფილი პატიმრებისთვის ჩატარდა კარდიოლოგიური და ოფთალმოლოგიური გამოკვლევები. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო აქციები აჭარაში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერება, მათი გადამზადებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების გზით მიიღწევა. „დემოკრატიის ინსტიტუტში“ ჩატარდა სხვადასხვა მიმართულების ტრენინგი. მცირე ბიზნესის მართვის ტრენინგი ბენეფიციარებს თავიანთი საქმიანობის გაძლიერებასა და ახალი ბიზნესის დაგეგმვაში დაეხმარა. სამუშაოს მოძიების ტრენინგზე მსმენელებმა CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადება შეისწავლეს. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ბაზაზე ასევე ჩამოყალიბდა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი.

ევროკავშირის მხარდაჭერით ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი ბენეფიციარების თვითდასაქმებას უწყობს ხელს, რაც მცირე დაფინანსების მეშვეობით საკუთარი საწარმოს ამოქმედებასა და განვითარებას გულისხმობს. მცირე საწარმო შესაძლოა იყოს სწრაფი კვების ობიექტი, თონე, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო, სახელოსნო და სხვა. საკუთარ საწარმოში ყოფილი პატიმრები თავად საქმდებიან, ასევე ასაქმებენ ოჯახის წევრებს, რაც საბოლოოდ მათი ოჯახის შემოსავლების გაზრდასა და გაძლიერებას უწყობს ხელს.

რეაბილიტაციის კომპონენტი გულისხმობს პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გასვლით ღონისძიებებსა და სპორტულ შეჯიბრებებსაც. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის მიმდინარეობისას „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად არაერთი ღონისძიება ბენეფიციართა შვილებისთვისაც მოაწყო.

უკვე ორი წელია პროექტის ფარგლებში პატარებს ყოველ ახალ წელს გადასცემენ საჩუქრებს, იკრიბებიან ერთად სასიამოვნო გარემოში, წელს ბავშვები „მაკდონალდსს“ ესტუმრნენ, სადაც გემრიელად ისადილეს და გაერთნენ, მანამდე კი სანტასგან სიურპრიზები მიიღეს. წინასაახალწლოდ "დემოკრატიის ინსტიტუტმა" სუპერმარკეტ Wilmart -ის მხარდაჭერით ბენეფიციართა სოციალურად დაუცველ ოჯახებს სურსათი გადასცა.

სასწავლო წლის დაწყებამდე პატარებს სასკოლო ნივთები და ინვენტარი გადაეცათ, შემდეგ კი ისინი ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ.

რეაბილიტაციის პროგრამები პროექტის ბენეფიციარებისა და მათი იჯახის წევრებისთვის 2019 წელსაც გაგრძელდება, პროექტში ჩართვა შეუძლია ციხიდან გათავისუფლებულ პირებს, პრობაციონერებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს.