"ყოფილი პატიმრების გაძლიერების" პროექტის პრეზენტაცია ხულოს მუნიციპალიტეტში

"დემოკრატიის ინსტიტუტმა" ხულოს მუნიციპალიტეტში „ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტის პრეზენტაცია გამართა. ვის შეუძლია პროექტით სარგებლობა, რა სერვისებს მიიღებენ მასში ჩართული ბენეფიციარები - ეს ის ინფორმაციაა, რომელიც "დემოკრატიის ინსტიტუტის" წარმომადგენლებმა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოწვეულ სტუმრებს გააცნეს.

შეხვედრების მიზანი სამიზნე ჯგუფებამდე პროექტით გათვალისწინებული სერვისების თაობაზე ინფრომაციის უშუალოდ მიტანა და პროგრამაში მეტი ბენეფიციარის ჩართვაა.

პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარის პრობაციის ბიუროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.

სტუმრებმა ხაზი პროექტის მნიშვნელობას გაუსვეს. მათივე თქმით ადგილობრივ დონეზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სწორედ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის იურიდიული მომსახურების გაწევის საჭიროება, თვითდასაქმების და დასაქმების მხრივ ხელშეწყობა წარმოადგენს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, პროექტის გუნდმა რამდენიმე ბენეფიციარი მოინახულა. დაგეგმილია მათი პროგრამაში ჩართვა.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტის მიზანი ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების განათლების, განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობაა.

პროექტის მთავარი მიმართულებებია: ბენეფიციარების გადამზადება, იურიდიული დახმარების აღმოჩენა, ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდა, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა.

პროექტის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მსგავსი სახის გასვლით შეხვედრებს მაღალმთიანი აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართვას.

"ყოფილი პატიმრების გაძლიერების" პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტი", პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: „თანაზიარი“, ფონდი „აფხაზინტერკონტი“ და „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“ დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონში ახორციელებს.

პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი.