პროგრამა ყოფილი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის

პროგრამა ყოფილი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტზე დემოკრატიის ინსტიტუტი თებერვლის თვიდან პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში მუშაობს. ყოფილი პატიმრები, პატიმრის ოჯახის წევრები და პრობაციონერები აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში რეაბილიტაციის სხვადასხვა სერვისებით სარგებლობენ.

პროექტის ბენეფიციარებთან მუშაობის სტრატეგია, მოიცავს სხვადასხვა საჭიროებებისა და შესაძლებლობების მქონე ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბენეფიციართა საჭიროებები პირველივე ეტაპზე კვლევისა და ინტერვიუირების საფუძველზე დგინდება, რის შემდეგაც ბენეფიციარი სურვილისა და საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით ერთვება რეაბილიტაციის სერვისებში.

პროექტში ბენეფიციართა მაღალი მომართვიანობით გამოირჩევა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის სერვისი. სოციალური მუშაკების ინფორმაციით, ყოფილი პატიმრების უმეტესობა საპატიმროს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებით ტოვებენ.

სწორედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროექტი ბენეფიციარებს სამი მიმართულებით ეხმარება:
- ბენფიციართა გადამისამართება შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
- ბენეფიციართა დახმარება (ადვოკატირება), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით;
- იმ ბენეფიციარებისათვის, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა - აუცილებელი მედიკამენტების შესყიდვა. როგორც პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, პროგრამაში ჩართვის შემდეგ ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშნელოვნად უმჯობესდება, პარალელურად უმჯობესდება ყოფილ პატიმართა ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობაც.
გარდა აღნიშნული კომპონენტისა პროექტი ბენეფიციარებს შემდეგი მიმართულების რეაბილიტაციის სერვისებს სთავაზობს:
• სოციალური საწარმოების ამოქმედება და ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობა;
• ბენეფიციარების სტაჟირება დასაქმების პირობით;
• ბენეფიციართა თვითდასაქმება-საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბების გზით;
• ყოფილ პატიმართა განათლება და პროფესიული გადამზადება;
• ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
• იურიდიული დახმარება.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი, ფონდი აფხაზინტერკონტი.