ქალი ამომრჩევლების მიერ დასახელებული ყველაზე პრობლემური საკითხები

ქალი ამომრჩევლების მიერ დასახელებული ყველაზე პრობლემური საკითხები

კვლევა 10 რეგიონში ჩატარდა და მასში 1106-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. რესპონდენტებმა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცაში შემავალი საკითხების ჩამონათვალიდან აარჩიეს. კვლევაში აქცენტები იმაზეც გაკეთდა, თუ რა სახის კომუნიკაცია უნდა არსებობდეს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს და ქალ ამომრჩევლებს შორის; რას აქცევენ ყურადღებას ქალი ამომრჩევლები არჩევანის გაკეთებისას და როგორ უნდა ხდებოდეს ქალებისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობა ადგილობრივ თვითმმართველობებში.

საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქალი და კაცი ამომრჩევლების პრიორიტეტები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოში პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, ნაკლებ დროს უთმობენ ქალი ამომრჩევლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ცალკე კვლევას და მათზე ორიენტირებული საარჩევნო პროგრამების შემუშავებას. სწორედ ამ პრობლემის ხაზგასმასა და აღმოფხვრას ემსახურება მიზნად R-CSN-ის მიერ ჩატარებული კვლევა.

რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების მიერ დასახელებული ყველაზე პრობლემური საკითხების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
1. საგზაო ინფრასტრუქტურის - გზებისა და ტროტუარების მოწესრიგება
2. სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა
3. პარკების, სკვერებისა და საჯარო ადგილების დასუფთავება-მოწესრიგება
4. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესება
5. ნარჩენების მართვა
რატომ ვსაუბრობთ ქალი ამომრჩევლის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე?

საქართველოს მოსახლეობის და ამომრჩევლების უმრავლესობა (54%) ქალია, თუმცა როგორც ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. 2014 წელს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობიდან ქალი ამომრჩეველი მხოლოდ 40% იყო. ქალების არჩევნებში და შემდეგ უკვე ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია, საარჩევნო სუბიექტებმა მეტი ყურადღება გაამახვილონ ქალ ამომრჩევლებზე, შეისწავლონ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები და შესთავაზონ ამ პრობლემების გადაჭრის ეფექტიანი გზები.

კვლევის ანგარიში მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევა აჭარის რეგიონში დემოკრატიის ინსტიტუტმა ჩაატარა.

იხილეთ კვლევის შედეგები:

ქალთა პრიორიტეტები