ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მოსახლეობას მუშაობის შესახებ ანგარიშს წელიწადში ორჯერ ჩააბარებს

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მოსახლეობას მუშაობის შესახებ ანგარიშს წელიწადში ორჯერ ჩააბარებს

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მოსახლეობას მუშაობის შესახებ ანგარიშს წელიწადში ორჯერ ჩააბარებს. გადაწყვეტილება ამ მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომაზე მიიღო. ეს მუნიციპალიტეტში ინიცირებული ერთ-ერთი საკითხი იყო, რომლის გადაწყვეტასაც მოსახლეობა პეტიციის გზით ითხოვდა. ადგილობრივებს პეტიციის მომზადებაში „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დაეხმარა.

პეტიციის ინიციატორები მიიჩნევდნენ, რომ საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების არსებული წესი/პროცედურა იყო ზოგადი და საკრებულოს წევრის საქმიანობის გაუმჯობესების, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით მიზანშეწონილი იყო, რომ საკრებულოს წევრის მიერ ანგარიშის მომზადება გამხდარიყო სავალდებულო. დაკონკრეტებულიყო ანგარიშის წარდგენის პერიოდი და დამტკიცებულიყო ანგარიშის წარდგენის ერთიანი სტანდარტული ფორმა.

საკრებულოს სხდომაზე საკითხის გადაწყვეტას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილი, რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საჭიროებას ვერ ხედავდნენ და მიიჩნევდნენ, რომ საკითხი ახალი მოწვევის საკრებულოს უნდა გადაეწყვიტა. საბოლოოდ 15 ხმით, დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს წევრი მოსახლეობისა და საკრებულოს წინაშე ანგარიშით ექვს თვეში ერთხელ წარსდგება.

გარდა აღნიშნული საკითხისა მოსახლეოება პეტიციის გზით ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი საკითხის გადაწყვეტას ითხოვს.
➤მუნიციპალიტეტის ცენტრალური გზის მონაკვეთზე, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა;
➤პეტიციის ელექტრონული რეგისტრაციისათვის საჭირო შესაბამისი ელექტრონული პლატფორმა/პროგრამის ამოქმედება;

საკრებულოს გადაწყვეტილებით პეტიციის ელექტრონული რეგისტრაციისთვის ვებ-გვერდის შესაქმნელად მუშაობა დაიწყო, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ცენტრში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობას აღნიშნული საკითხი განსახილველად გამგეობას გადაეგზავნა.

პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ დემოკრატიის ინსტიტუტი USAID-ის მხარდაჭერით 2016 წლიდან ახორციელებს და მის მიზანს მოქალაქეთა გააქტიურებით, პრობლემათა გამოვლენით, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით და ადვოკატირების კამპანიის გზით თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.