ქედის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების მიერ ინიცირებული პეტიციები განიხილება

ქედის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების მიერ ინიცირებული პეტიციები განიხილება

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული ოთხი პეტიცია შევიდა.

პეტიციის ინიციატორი მოქალაქეები ითხოვენ:

1.ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში, დაბაში და ტერიტორიულ ერთეულებში აბრებისა და ნიშნულების მოწყობას.

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში, დაბასა და ტერიტორიულ ერთეულებში მისამართების განმსაზღვრელი აბრები და ნიშნულები განთავსებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ელექტრონული მონაცემებით ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობას იურიდიული მისამართები განსაზღვრული აქვს (ქუჩა, ჩიხი). შესაბამისად, უცხოელი ტურისტებისთვის და საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისათვის რთულია კონკრეტული ადგილის მოძებნა, მისი მიგნება. ასევე აღნიშნული საკითხის მოუგვარებლობა ხშირ შემთხვევაში პრობლემას უქმნის საფოსტო გზავნილების, სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურების ადრესატამდე მისვლას.

2. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ყველა საჯარო საბავშვო ბაღის ეზო კეთილმოეწყოს და აღიჭურვოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საჯარო ბაღის ეზოებში არ არის მოწყობილი სპორტულ-გასართობი მოედნები. ბავშვების უსაფრთხოების მიზნით მიწის საფარზე არ არის განთავსებული კაუჩუკის ფილები. არ არის განლაგებული საბავშვო გასართობი კონსტრუქციები.

საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა გულისხმობს ბავშვის განვითარებისთვის ხელსაყრელი აუცილებელი საარსებო სივრცის შექმნას.

3. ქედის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიაზე ავტომობილების პარკირებისთვის გამოიყოს ადგილები, მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ამოქმედდეს შესაბამისი პროცედურები.

ქედის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიაზე პარკირების თემა ძალიან აქტუალურია, რადგან ყოველდღიურად იზრდება ავტომანქანების რაოდენობა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზაფხულის პერიოდში, როდესაც მუნიციპალიტეტში სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ადგილობრივ მცხოვრებლებს ხშირად უხდებათ საკუთარი ავტომობილები თავიანთი საცხოვრებელი, ან სამუშაო ადგილის მოშორებით გააჩერონ. აღნიშნული პრობლემა გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ არ არის გამოყოფილი და შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოწყობილი ადგილები პარკირებისათვის.

4. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოეწყოს საგზაო უსაფრთხოების სარკეები. (შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა.)

ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების სახიფათო მოსახვევებში სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები და საგზაო ნიშნები განთავსებული არ არის, არ არის მოწყობილი უსაფრთხოების სარკეები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს.

პროექტის სამიზნე დასავლეთ საქართველოს სამი რეგიონის (აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი) 20 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტშია პეტიციის ფორმით საკითხის გადაწყვეტის პრაქტიკა.

თვითმმართველობის წარმომადგენლები მიესალმებიან სამოქალაქო აქტივობას და მზად არიან ითანამშრომლონ გარკვეული საკითხების გადაწყვეტის თაობაზე საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებში. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ კი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით აქტიურ მუშაობას.