რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა პეტიციების  წარდგენის  შემდეგ  აჭარის მუნიციპალიტეტებში?

რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა პეტიციების წარდგენის შემდეგ აჭარის მუნიციპალიტეტებში?

რა ეტაპზეა პეტიციების განხილვის პროცედურები აჭარის მუნიციპალიტეტებში, რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა თვითმმართველობებში მოსახლეობის მიერ პეტიციების წარდგენის შემდეგ და რა იგეგმება სამომავლოდ მიზანშეწონილად მიჩნეული პეტიციების დასაკმაყოფილებლად? კითხვებზე პასუხების მისაღებად და სურათის რეალურად წარმოსაჩენად „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ საკრებულოებიდან ოფიციალური კორესპონდენციები გამოითხოვა.

როგორც ოფიციალური პასუხიდან ირკვევა ბათუმის საკრებულომ "დემოკრატიის ინსტიტუტის" წერილი მერიასთან გადაამისამართა და ამ დრომდე მათ პოზიციას ელოდება. რაც შეეხება ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე გზის მონაკვეთისთვის ქუჩის სტატუსის მინიჭებისა და სახელდების საკითხს-აღნიშნულზე საკრებულოს განათლების კომისიაში მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით პარალელურად მერიის მიერ ხორციელდება აღნიშნული გზის მონაკვეთისთვის ერთიან საკადასტრო მონაკვეთად რეგისტრაციის და ქუჩის სტატუსის მინიჭების პროცედურები.

ე.წ „ბათუმის კარიბჭესთან“ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობის საკითხი კი, რომლის დაკმაყოფილებაზეც ინიციატორებს თავდაპირველად უარი ეთქვა, თვითმმართველობამ დააკმაყოფილა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მათივე ინფორმაციით პეტიციით გათვალისწინებული საკითხებიდან ორზე მუშაობა დაიწყო. მათ მიერ გამოგზავნილი წერილის თანახმად, ამ დროისათვის შეძენილია 15 შადრევანი და საბავშვო ატრაქციონების ნაწილი, რომელთა მონტაჟიც მიმდინარეობს. სასაფლაოების შემოსაღობად კი გამგეობა პროექტის შეძენას წელს გეგმავს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 5-ვე პეტიცია მიზანშეწონილად მიიჩნია. მათივე ინფრომაციით შექმნილია სამუშაო ჯგუფი იმისათვის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში თითოეული პეტიციის დასაფინანსებლად საჭირო თანხები გაიწეროს.

რაც შეეხება მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებს. როგორც ოფიცილაური წერილებიდან ირკვევა. ქედის მუნიციპალიტეტმა პეტიციით მოთხოვნილი შესაბამისი აქტივობების დაგეგმვაზე მუშაობა დაიწყო, მომდევნო ეტაპზე კი მათი ბიუჯეტში გათვალსიწინება აქვს განსაზღვრული. თუმცა, კონკრეტულად რა აქტივობები განახორციელა მუნიციპალიტეტმა პეტიციების ინიცირებიდან დღემდე და რას გეგმავს მომავალში, აღნიშნულზე ოფიციალურ პასუხში საუბარი არ არის.

წარდგენიდან დღემდე შუახევის საკრებულომ პეტიციები გამგეობას, გამგეობამ კი აჭარის საავტომობილო გზების დეპარატმენტთან გადაამისამართა. საავტომობილო გზების დეპარატმენტის მიერ მოწერილი პასუხის თანახმად ირკვევა, რომ ამ ეტაპზე პეტიციით მოთხოვნილი წაბლანა-ღომას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც აქ საგზაო ნიშნულების მოწყობაა დაგეგმილი. ჩანჩხალო-სათიხეთის გზაზე კი მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო სამუშაოებს დეპარატმენტი ამ დრომდე ვერ იწყებს.

ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით „ხულოობის“ სახალხო დღესასწაულის დაფუძნებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება და დღესასწაულის აღნიშვნის თარიღის განსაზღვრა დაევალა. მათივე განმარტებით იმ სოფლებში, სადაც გზების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბიუჯეტით იყო გაწერილი თანხების ათვისება საბიუჯეტო წლის დასასრულამდე მოხდება. პარალელურად გამოიყოფა ფინანსური რესურსი ფერდსამაგრი სამუშოებისთვის.

მონიტორინგის მიზნით აჭარის მსგავსად ოფიციალურ კორესპონდენციებს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდანაც გამოითხოვს.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს „პეტიცია -ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.