რა საკითხებზე ამზადებს პეტიციებს  მოსახლეობა  მესტიის მუნიციპალიტეტში?

რა საკითხებზე ამზადებს პეტიციებს მოსახლეობა მესტიის მუნიციპალიტეტში?

სოფელ ხაიშში სკოლამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირებული არ არის, ბიბლიოთეკა არ არსებობს და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სოფელი რეგულარულად ბინძურდება - ამ საკითხების გადაწყვეტას პეტიციის ფორმით მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ითხოვენ. პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სოფელ ჭუბერშიც. აქ არ არსებობს ნაგავსაყრელისა და დასუფთავების სამსახურის სერვისი. მოსახლეობა ითხოვს ასევე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდეს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, მოეწყოს გარეგანათება სოფლის ცენტრის ორკილომეტრიან მონაკვეთზე, მდინარის ორივე ნაპირზე. სოფელ ჭუბერში არ არის ამ დრომდე მოწყობილი ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემაც, რაზეც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაპირება მიიღეს, თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორი ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით გაიმართა.
პროექტი შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართონ პეტიციით და ამ გზით ჩაერთონ თავიანთ დასახლებაში, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში. მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად მუნიციპალიტეტებში პრობლემები ვლინდება, რომელიც პეტიციის სახით საკრებულოებს ეგზავნება. შეხვედრებზე შერჩეული ლიდერები - აქტიური მოქალაქეები პეტიციის ინიციატორები არიან და ორგანიზებას უწევენ ხელმოწერების შეგროვებას. ასევე თავად წარადგენენ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე. პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახორციელებს.