რას ითხოვს კაპნისთავში დარჩენილი 20 კომლი?

რას ითხოვს კაპნისთავში დარჩენილი 20 კომლი?

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპნისთავის ცენტრში დადგმული ეს ძელი, როგორც აქაურები ამბობენ, ადგილობრივების თავშეყრისთვის საკმარისი გახდა, რადგან სოფელში შობადობა შემცირდა.

შეხვედრა მოსახლეობის მცირე სწრებადობით დაიწყო. მიზეზები - შემცირებული შობადობის გარდა სოფლის საქმეებია, რომელიც ადგილობრივების მთავარი შემოსავლის წყაროა. ბაღიდან დაბრუნებული კაპნისთაველები პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში დაწყებულ შეხვედრას ეტაპობრივად შემოუერთდნენ.

რაც შეეხება პრობლემებს: დემოგრაფიული პრობლემის გარდა, კაპნისთავის მცხოვრებლებისთვის მთავარი საკითხები ორი სოფლის (კახიძეებისა და ცისკარაძეების) დამაკავშირებელი ყრუღელის ხიდის რეაბილიტაცია და ცენტრში სკვერის მოწყობაა. ადგილობრივები მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნასაც ითხოვდნენ, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ სოფელში სულ 20 კომლია და 25 მანქანა, გადაიფიქრეს.

შეხვედრა გვიან დასრულდა. შეხვედრის ბოლოს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარომამადგენლებმა სოფლის ერთ-ერთი აქტიური მცხოვრები შეარჩიეს, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენის შემდეგ, პეტიციების მომზადების და საკრებულოში წარდგენის პროცესში ჩაერთვება.