რას ყვებიან ქალები ციხის ცხოვრებაზე

რას ყვებიან ქალები ციხის ცხოვრებაზე

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაში“ ჩართულია არაერთი ქალი, რომლებიც ღიად საუბრობენ საკუთარ გამოცდილებაზე, ციხის წლებსა და გათავისუფლების შემდგომ სირთულეებზე.

ჯულიეტა ფხაკაძემ საპატიმროში 6 წელი გაატარა. რთული პერიოდი გაიარა: ციხის კედლებში ავადმყოფობა, ოპერაცია, გათავისუფლების შემდეგ, გარშემომყოფების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ნასამართლეობის მიმართ და ა.შ.

„ციხეში მყოფს ძმა არ მელაპარაკებოდა, გაბრაზებული იყო ჩემზე, მაგრამ რომ გავთავისუფლდი, დავურეკე და მაშინვე ჩამოვიდა თბილისში, ქუთაისში ჩამომიყვანა“, – ამბობს ჯულიეტა და დასძენს, რომ მთავარი ახლობლების თანადგომაა საპატიმროდან ახალგათავისუფლებულისთვის. მისი თქმით, ეს აუცილებელი მოტივაციაა ცხოვრების გასაგრძელებლად.

თუმცა, გარდა მორალური თანადგომისა, ჯულიეტასთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ახალი საქმიანობაც, რასაც გათავისუფლების შემდეგ შეუდგა: მძივებით სამკაულების კეთება და ქაღალდით დეკორატიული ნივთების დამზადება ისწავლა. ეს საქმე ახლა მისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. დახმარებისთვის იმერეთში მოქმედ ,,ფონდ აფხაზინტერკონტს“ მიმართა, რომელიც ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორი ორგანიზაციაა და ჩართულია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში. პროექტის ფარაგლებში ქვილინგის სპეციალისტ ყოფილ პატიმარს ქაღალდის საჭრელი აპარატი გადასცეს. ხელსაწყომ ქალს საქმე მნიშვნელოვნად გაუმარტივა.

62 წლის ფოთოლა ლაგვილავა ხისგან ჩარჩოებს, საქანელებს, სკამებს ამზადებს, თექაზე მუშაობს, ქსოვს, ქარგავს და ნამუშევრებს შეძლებისდაგვარად ყიდის. 7 წელი გაატარა საპატიმროში და ხელსაქმით დააღწია თავი უიმედობას და რთულად გასაყვან დროს. ამბობს, რომ ყველგან, სადაც გათავისუფლების შემდეგ ქუთაისში გადაწყვიტა ემუშავა, ხელფასი 200 – 300 ლარს არ აღემატებოდა.

„როგორ ვიცხოვრებდი ამ ხელფასით? ბაზარში ორჯერ წასასვლელად არ მეყოფოდა. თან თუ მცირეწლოვანები გყავს შინ. ამიტომ თვითდასაქმება ვარჩიე“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.
ის ქუთაისში რძალთან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, მას ხის დასამუშავებელი დაზგა გადაეცა. იმედოვნებს, რომ მომავალში ელექტროშალაშინისა და სახელოსნოსთვის აუცილებელი სხვა ხელსაწყოების შეძენასაც შეძლებს და მატერიალურად უფრო გაძლიერდება, როგორც თვითდასაქმებული.

64 წლის გულნარა პილპიამ დანაშაული ოჯახის დასახმარებლად ჩაიდინა გაუცნობიერებლად. გალიდან წალენჯიხაში რამდენიმე ბლოკი სიგარეტი გადაჰქონდა გასაყიდად. პოლიციამ ქალი დააკავა და მან წელიწად-ნახევარი გაატარა ციხეში.

„ჩემთვის ძალიან მოულოდნელად დამაპატიმრეს. მეუბნებოდნენ, რომ აკრძალული და საშიში იყო სიგარეტის აქეთ-იქით ტარება, მაგრამ გვიჭირდა და რა მექნა, რას ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე შეკვრა სიგარეტი ასეთ ხათაბალაში გამხვევდა, თან ამ ასაკში“, – იხსენებს გულნარა პილპია.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გადაწყვიტა შეკვეთები მიეღო და კერვა დაეწყო, მაგრამ საამისოდ საკერავი მანქანა არ ჰქონდა, რაშიც ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი დაეხმარა. ახალი საკერავი მანქანა შეიძინა და საქმეს შეუდგა. ამბობს, რომ ამ საქმით ყოველთვიურად მას 200 – 300 ლარი აქვს შემოსავალი, რასაც პენსიაც ემატება და მინიმალური საარსებო წყარო თვიდან თვემდე 64 წლის პენსიონერს გამოსდის.

ია ბერიძე პრობაციონერის მეუღლეა. შესაბამისად, ისიც „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარია.

ოჯახს სილამაზის სალონი აქვს, რაც მათთვის მნიშვნელოვანი მატერიალური სიკეთეა. „სილამაზის სალონმა გაგვატანინა პატიმრობის წლები, არჩინა ოჯახი, სილამაზის სალონი აფინანსებს ჩემი შვილების სწავლა-განათლებასაც. სალნს ძირითადად მე ვუძღვები, ჩემი მეუღლე, მართალია, თავად სტილისტი არ არის, მაგრამ საორგანიზაციო და მნიშვნელოვან საქმეებს აგვარებს“, – ამბობს ია ბერიძე.

ია არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტში“ სემინარებს დაესწრო, სადაც ბიზნესის პოპულარიზაციისა და გაფართოების, მომხმარებლამდე ინფორმაციის ეფექტურად მიტანის ნიუანსებზე შეიტყო. ბოლოს პროექტის ფარგლებში მას სალონისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების – სტერილიზაციის აპარატი გადასცეს.ოჯახი, რომელმაც პატიმრობის წლები მცირე ბიზნესის საშუალებით გაიმარტივა, მზადაა, სტილისტის საქმე ნებისმიერ პრობაციონერს, ყოფილ პატიმარს უფასოდ შეასწავლოს და პრაქტიკის საშუალებაც მისცეს.

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას” “დემოკრატიის ინსტიტუტი” ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს იმერეთში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და აჭარაში.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.