რატომ ირჩევენ ბენეფიციარები თავიანთი ხელობით დასაქმებას?

რატომ ირჩევენ ბენეფიციარები თავიანთი ხელობით დასაქმებას?

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თენგიზ ცინცაძე „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაში“ მალევე ჩაერთო. პირობითი მსჯავრის გამო, ყოფილმა პატიმარმა საჯარო სამსახურსა და კერძო სექტორში დასაქმება ვერ შეძლო. რის გამოც, თვითდასაქმება გადაწყვიტა.

გურიაში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს“ მიმართა, მცირე საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობის სერვისში ჩაერთო და რესოციალიზაციის პროგრამის მხარდაჭერით, თვითდასაქმებისთვის საჭირო ხელსაწყოები შეიძინა. საცელი აპარატითა და ბენზო ხერხით საოჯახო საქმეებს ასრულებს და ამით მცირე შემოსავალსაც იღებს.

მცირე საგრანტო პროგრამაში ჩაერთნენ ხელოსნები ბათუმში. ბენეფიციარებს კაფელ-მეტლახისთვის, სან-ტექნიკისთვის, ელექტრიკოსისთვის საჭირო ხელსაწყოები გადაეცათ, რამაც შეკვეთებისა და შესაბამისად შემოსავლების გაზრდაში მნიშვნელოვად შეუწყო ხელი.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამსახურის პოვნა მთავარი საფიქრალია ბენეფიციარებისთვის სამეგრელოშიც. ყოფილი პატიმრების დასაქმება ისევე როგორც სხვა რეგიონებში აქაც მთელ რიგ პრობლემებს უკავშირდება, სწორედ ამის გამო, ბენეფიციარები თვითდასაქმების კომპონენტს ირჩევენ.

ზუგდიდში მცხოვრები გელა ხვიტია ერთ-ერთია, რომელიც რესოციალიზაციის პროგრამით შეძენილი ხელსაწყოს მეშვეობით დასაქმდა. მას შედუღების აპარატი გადაეცა. ამზადებს სხვადასხვა რკინის ნაკეთობას, შეკვეთები აქვს როგორც სამეგრელოში ასევე სვანეთშიც.

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამაზე მუშაობის გამოცდილებამ ცხადყო, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ბენეფიციარებს უჭირთ დასაქმება. სწორედ ამიტომ, ისინი თავიანთი პროფესიით საქმდებიან, "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა" მათ გაძლიერებაში ეხმარება, რაც მცირე გრანტით საჭირო ხელსაწყოების შეძენას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში მცირე გრანტით დაფინანსდა შემდეგი მიმართულებები: ხელოსანთა ჯგუფები, სწრაფი კვების ობიექტი, ხელსაქმე, სოფლის მეურნეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, ხელსაქმე, სუვენირების დამზადება, კერვა, ცხობა, შეშის დახერხვა, ავტო სამრეცხაო, წისქვილი და ა.შ.

მცირე საგრანტო პროგრამით დაინტერესებულ ბენეფიციარებს პროექტის ფარგლებში ბიზნესის მართვის ტრენინგები უტარდებათ. ასევე იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ბიზნეს განაცხადს წარმოადგენენ უფასო კონსულტაციები გაეწევათ.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, „თანაზიარი“, „ფონდი აფხაზინტერკონტი“. პროექტი მუშაობს აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში.