რეაბილიტაცია ხელოვნების გზით

რეაბილიტაცია ხელოვნების გზით

ბათუმში, სოციალურ კაფე „თავისუფალ სივრცეში“ ევროკავშირის ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარის, ზურა გოგიბერიძის ხელნაკეთი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ზურა გოგიბერიძე - წელიწადზე მეტია, რაც “დემოკრატიის ინსტიტუტის” „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარია. პროგრამის ფარგლებში, მან რეაბილიტაციის სხვადასხვა სერვისით ისარგებლა. ინგლისური ენის კლუბში უცხო ენის შემსწავლელი კურსები გაიარა, ბიზნესის მართვის სასერტიფიკატო კურსზე კი საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა და გაძლიერების გზები შეისწავლა, ციფრული მარკეტინგის ტრენინგი ზურას სამომავლოდ თავისი საქმიანობის წარმოჩენასა და რეკლამირებაში დაეხმარება. რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, ზურას ხეზე კვეთისთვის საჭირო სამუშაო მასალები გადაეცა.

“დემოკრატიის ინსტიტუტის” გარდა, ზურა გოგიბერიძე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ბენეფიციარიცაა. "სიდას" დახმარებითა და ევროკავშირის დაფინანსებით მას სხვადასხვა სახის მასალა და ტექნიკა გადაეცა, რომელმაც საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო მის მიერ შესრულებული სამუშაოს უფრო ეფექტიან შესრულებას.

9 წელია, რაც ზურა ხეზე კვეთს, ამზადებს სხვადასხვა შინაარსის ხის ხელნაკეთ ნივთებს, სურათებს, სუვენირებს, ხატებს, ჯვრებს. ხელსაქმე მან პატიმრობის პერიოდში შეისწავლა. პირველი ნამუშევარი სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაამზადა. 6 წლიანი პატიმრობის შემდეგ ამნისტიით გათავისუფლდა და ისევე როგორც უმეტეს ყოფილ პატიმარს საპყრობილეში გატარებული წლების შემდეგ, საზოგადოებაში დაბრუნება გაუჭირდა.

ციხიდან გათავისუფლებულ თითქმის ყველა პატიმარს გარეთ ერთი რეალობა ხვდება: საზოგადოების უნდობლობა, გარიყულობა, უმუშევრობა, ფინანსური პრობლემები, რამაც შესაძლოა ხელახლა დანაშაულისკენ უბიძგოს, მაგრამ მთავარია, ადამიანმა მომავლის რწმენა და იმედი არ დაკარგოს და მოინდომოს ცხოვრების შეცვლა. ციხე, იმდენად სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესია ადამიანისთვის, რომ ყველას სჭირდება ოჯახის, მეგობრების და რაც მთავარია, საზოგადოების გვერდში დგომა- ზურა გოგიბერიძე

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

"დემოკრატიის ინსტიტუტი" /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

"გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი" /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

"თანაზიარი" /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78

"ფონდი აფხაზინტერკონტი" / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61