რეგიონული შეხვედრების ფორუმი თბილისში

რეგიონული შეხვედრების ფორუმი თბილისში

ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესებაზე დემოკრატიის ინსტიტუტისა და ევროპის ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრების ფორუმი დღეს თბილისში გაიხსნა.
ეკომიგრაციის პრობლემებზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისა და პროგრამაში ჩართვის დეტალები გააცნეს.

სტიქიის მაღალი მაჩვენებელია დუშეთის მუნიციპალიტეტში. შეხვედრაზე დისკუსია გამოიწვია ზემო მლეთას საკითხმა. მლეთაში 8 ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში ცხოვრობს. წვიმების დროს, ლომისის მთიდან წამოსული ღვარცოფი მდინარე არაგვს კეტავს და ადიდებული წყალი მოსახლეობას სახლებში უვარდება. ამ მდგომარეობას ადასტურებს გეოლოგიური დასკვნები. მუნიციპალიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ ეს ოჯახები სასწრაფო გასახლებას საჭიროებენ, თუმცა მათთან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.


სტიქია აწუხებს ხაშურისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებსაც. ხაშურში 11 ოჯახი მოითხოვს სასწრაფო განსახლებას. თიანეთში 17 ოჯახია სტიქიით დაზარალებული, ამათგან სამს სახელმწიფომ შეუსყიდა საცხოვრებელი, ხოლო 14 ოჯახი სასწრაფო გასახლებას საჭიროებს. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სტიქიის პრევენციაზე და ეკომიგრანტი ოჯახების ინტეგრაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და აღნიშნული პრობლემების შესწავლის შემდეგ, დემოკრატიის ინსტიტუტი რეკომენდაციებზე იმუშავებს და არსებული სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, სარეკომენდაციო პაკეტს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს წარუდგენს.
რეგიონული შეხვედრების ფორუმი დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის "ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია" ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.