საახალწლო აქცია ყოფილი პატიმრების ოჯახებისთვის

საახალწლო აქცია ყოფილი პატიმრების ოჯახებისთვის

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ყოფილი პატიმრებისა და პატიმრების ოჯახის წევრებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩაატარა.

Supermarket Willmart- ის მხარდაჭერით ყოფილი პატიმრების შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცა.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორი, ნინო ხაჩიძე მსგავს აქციებში ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობასა და მათ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„ჩვენ შევთავაზეთ „ვილმარტის“ წარმომადგენლებს ჩართულიყვნენ ამ აქციაში და ისინიც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ. „მაკდონალდსმა“ კი დღეს პატარებს გასართობი პროგრამა შესთავაზა უფასოდ. „ვილმარტის“ წარმომადგენლები გამოგვყვნენ ოჯახებში, მათ შორის მოვინახულეთ მრავალშვილიანი ოჯახები. ვფიქრობ, ასეთი უშუალო კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია.

ნელ ნელა საქართველოში ბიზნესი მიდის იმ დასკვნამდე, რომ სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან ბევრ რამეს ცვლის შეჭირვებული ოჯახებისთვის.

ყველა უნდა ეცადოს ჩართოს ბიზნესი მსგავს აქტივობებში. ეს უნდა ჩამოყალიბდეს ხედვად, არაფორმალურ პოლიტიკად და მიდგომად, რომ ერთჯერადი აქციები არ დარჩეს მხოლოდ ერთჯერად აქციებად. ასე იზრდება ბრენდის ცნობადობაც და მომხმარებლებსაც მეტი ნდობა უჩნდება მათ მიმართ. უცხოეთში თითქმის ყველა ბიზნესს აქვს საქველმოქმედო ბიუჯეტი. ჩვენს ქვეყანაშიც ფეხს იკიდებს ეს მიდგომა“

გულწრფელი ემოცია, სითბო და სიხარული გამოხატეს საახალწლო აქციაში ჩართულმა ყოფილი პატიმრების შვილებმა. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისში შეკრებილ ბავშვებს ნაძვის ხეები, სათამაშოები და ტკბილეული გადაეცათ, დააგემოვნეს საახალწლო ტორტიც.

შემდეგ ყველასთვის საყვარელ MacdonaldsBatumi-ში გადაინაცვლეს, სადაც საბავშვო სივრცეში სპეციალური პროგრამით იხალისეს და გაერთნენ.

საახალწლო აქცია ჩატარდა ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს.

წინასაახალწლო აქცია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართულ ბენეფიციართა პატარებისთვის მოეწყობა იმერეთში, გურიასა და სამეგრელო – ზემო სვანეთშიც. აქციას რეგიონებში „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად პარტნიორი ორგანიზაციები: ,,აფხაზინტერკონტი“, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი და „ფონდი აფხაზინტერკონტი” უზრუნველყოფს.