საახალწლო ღონისძიებები პატიმრების შვილებისთვის

საახალწლო ღონისძიებები პატიმრების შვილებისთვის

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. აქტივობებში ბენეფიარების შვილები აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონებიდან მონაწილეობდნენ.

საახალწლო განწყობის შესაქმნელად ბათუმის ზოოტოპიაში მოზარდებმა ცხოველები დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. პატარებთან ერთად მშობლებიც გაერთნენ და აღნიშნეს, რომ მსგავს ეგზოტიკურ გარემოში პირველად იმყოფებოდნენ.

ზოოტოპიას შემდეგ ღონისძიება გასართობ ცენტრში გაგრძელდა, სადაც ორ საათიანი პროგრამის ბოლოს, „სანტამ“ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

მსგავსი ღონისძიება ჩატარდა იმერეთსა და გურიაშიც. აქაც ბავშვები გასართობ ცენტრში იმყოფებოდნენ, მოგვიანებით კი თოვლის პაპასგან საჩუქრები მიიღეს.

განსხვავებული დღის წესრიგით, თუმცა ამაღლებული განწყობით შეხვდნენ შობას სამეგრელოში. პატარებისთვის მარტვილის, აბაშის და ზუგდიდის ეთნოგრაფიულ მუზეუმებში ექსკურსია მოეწყო. ექსკურსიის ბოლოს კი თითოეულ მონაწილეს საახალწლო საჩუქრები გადაეცა.

პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაცია წარმოადგენს.

შემეცნებითი, კულტურული თუ სპორტული აქტივობები-ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც რეაბილიტაციის კომპონენტი ითვალისწინებს. აღნიშნული აქტივობების მთავარი მიზანი პროექტის სამიზნე ჯგუფის საზოგადოებასთან დაახლოების ხელშეწყობაა.

სოციალური, ეკონომიკური თუ ყოფილი პრობლემების გამო ბენეფიციარები ხშირ შემთხვევაში მსგავს აქტივობებში პირველად მონაწილეობენ. აღნიშნული ღონისძიებების საჭიროებებზე საუბრობს პროექტის კოორდინატორი.

ნინო ხაჩიძე-„რეაბილიტაციის მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რადგან პროექტის ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს თანამონაწილე გახდნენ ისეთი აქტივობების, რომლებშიც მონაწილეობა ყოფითი პრობლემების გამო მათ ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ. სწორედ მსგავსს აქტივობებში ჩართულობით მიიღწევა საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია. “

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი, გურის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი, ფონდი აფხაზინტერკონტი.