ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ-სემინარები

ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ-სემინარები

როგორ უნდა მოვამზადოთ ბიზნესგეგმა, რა საკანონმდებლო ბაზის ცოდნაა აუცილებელი საქმიანობის სწორად დასაგეგმად, რამდენად მნიშვნელოვანია სახელის სწორად შერჩევა და რამდენად შესაძლებელია აღნიშნული ბიზნესგეგმით დაფინანსების წყაროების მოპოვება – ეს ის ძირითადი საკითხები იყო რის შესახებ ყოფილმა პატიმრებმა, პრობაციონერებმა და პატიმართა ოჯახის წევრებმა "დემოკრატიის ინსტიტუტში" ტრენინგზე მოისმინეს.

ტრენინგს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართული ის ბენეფიციარები ესწრებოდნენ, რომლებსაც უკვე წარმატებული ბიზნესი აქვს ან სამომავლოდ გეგმავენ ბიზნეს საქმიანობაში ჩართვას და პრაქტიკულ საქმეზე გადასვლამდე თეორიული ცოდნა სჭირდებათ. მათ შორის, სტილისტი, მხატვარ-დიზაინერი, ავეჯის ხელოსანი, სანტექნიკოსი.

“დემოკრატიის ინსტიტუტში“ ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის, ასევე პატიმართა ოჯახის წევრებისთვის სხვადასხვა შინაარსის ტრენინგები ხშირად ტარდება. სამუშაოს მაძიებელთათვის CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადება, ციფრული მარკეტინგი, ბიზნესის მართვის ტრენინგი, ინგლისური ენის კურსები, ეს და კიდევ სხვა ტრენინგები ბენეფიციარებს არამარტო სიახლის გაგებასა და ცოდნის გარმავებაში ეხმარება, არამედ სამომავლოდ დასაქმებაშიც უწყობს ხელს.

ტრენინგ-სემინარებით სწავლება ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება. ტრენინგები თითოეულ ბენეფიციარზეა მორგებული და მათი სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით იგეგმება.

“ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას” “დემოკრატიის ინსტიტუტი” ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს იმერეთში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და აჭარაში.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.