საგარეჯოში ეკომიგრანტებისთვის ტრენინგები ჩატარდა

საგარეჯოში ეკომიგრანტებისთვის ტრენინგები ჩატარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ “დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელშეწყობით ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციასა და გაძლიერებაზე მუშაობს.
მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ეკომიგრანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები ჩატარდა.
ტრენინგებს ესწრებოდა ადგილობრივი და ეკომიგრანტი მოსახლეობა.
- მსგავსი საინფორმაციო სახის შეხვედრა სოფელ ხაშმში არავის ჩაუტარებია, ეს იყო პირველი მცდელობა საჯაროდ განხილულიყო ეკომიგრანტების ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის საკითხში არსებული პრობლემები - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სოფელ გიორგიწმინდასა და ნინოწმინდაში.
ეკომიგრანტთა ინტეგრაციისა და თანაცხოვრების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის პროექტის ფარგლებში, სოფლის ცენტრში ღია ცის ქვეშ მოეწყობა ეკომიგრანტი ქალების ხელნაკეთი ნამუშევრების (ქარგვა, ქსოვა, კერვა) გამოფენები. გამოფენის მიმდინარეობის პარალელურად გაიმართება ეკომიგრანტი ახალგაზრდების მონაწილეობით „ხალხური შემოქმედებითი კონცერტი“.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მხარს უჭერს ეკომიგრაციის საკითხებზე მომუშავე დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებას.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონში მოქმედი 8 არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდა.
პროექტი „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს.