სახალხო დღესასწაული ჰერეთობა 2016

სახალხო დღესასწაული ჰერეთობა 2016

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჰერეთობის დღესასწაული გაიმართა. ფესტივალი ლაგოდეხში ყოველწლიურად იმართება, სადაც წარმოდგენილია ქართული ხალხური ფოლკლორი, ტრადიციული კერძები და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები. ღონისძიებაში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან ერთად აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტებიც მონაწილეობდნენ, რაც მათი დაახლოებისა და დამეგობრების საუკეთესო მაგალითია.
წელს ჰერეთობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით დამატებით ნარდის, ჭადრაკის ტურნირები და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ასპარეზობები გამართა.


მუნიციპალური პროგრამის მხარდაჭერისთვის „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ნარდი, ჭადრაკის დაფები, ფეხბურთის ბურთები, საჭიდაო ჩოხები, თასები და სხვა საჭირო სპორტული ინვენტარი შეიძინა. პროგრამის მხარდაჭერა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციისა და გაძლიერებისთვის განხორციელდა.
მუნიციპალური პროგრამის მხარდაჭერის გარდა, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ლაგოდეხში ეკომიგრაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას უწყობს ხელს. სათემო კავშირი ჰერეთი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,ეკომიგრანტი მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობა და ადვოკატირება". ჰერეთის სათემო კავშირმა წელს სახალხო დღესასწაულზე ''აჭარული კუთხე" წარმოადგინა, სადაც აჭარისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ტრადიციული ნივთები და ხელნაკეთი ნამუშევრები გამოიფინა.

გამოფენა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით მოეწყო.